ახალი ამბები

არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე- TV პირველის მფლობელი თიბისის საქმეზე

10 იანვარი, 2019 • 3302
არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე- TV პირველის მფლობელი თიბისის საქმეზე

“TV პირველის” მფლობელი ვახტანგ წერეთელი გამოემხაურა “თიბისი ბანკის” წინააღმდეგ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას.

პირველი კომენტარი ამ თემაზე დღეს, 10 იანვარს, ფეისბუკზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ არავის დაუბარებია გამოკითვაზე.  

“მთელი დღეა მიზანმინართულად არ დავწერე არაფერი “თიბისი ბანკის” ამბავზე – ველოდებოდი, როგორ განვითარდებოდა პროცესები და განვითარდა ძალიან სასაცილოდ, ძალიან ანეგდოტურად – პროკურატურა სერიოზული სახით ამბობს, გამოძიება მიდისო, დავკითხეთ ყველა ფიგურანტიო. რა მაინტერესებს, იცით? იმ ორი კომპანიიდან, რომელზეც ამბავია ატეხილი, ორივეს წილს ვფლობ მე, თანაც ძალიან სოლიდურს. რას იძიებენ ესენი, ვერ გავიგე, როცა მე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე. აი, ამიტომ მეცინება ამ გამოძიებაზე. თუ აქ რაღაც სხვა, მიღმა ამბავი არაა, წესით, მე ხომ უნდა დავებარებინე ვინმეს? მგონი, საბუთებში არც ჩაუხედავთ. ამ ჩემი სტატუსის მერე კი, როცა ჩემგანვე აღმოაჩენენ, რომ თურმე გამოსაკითხი ვარ, ალბათ, დამიბარებენ, მინიმუმ, ყავაზე მაინც. სასწაული გამოძიება ჩაუტარებიათ, სასწაული”, – წერს წერეთელი.

მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. ვატო წერეთელი სწორედ ამ ორი კომპანიის მეწილეა.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოწერა წერეთლის კომპანიებს.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

TBC-ის საქმეზე გამოძიება ფინანსური მონიტორინგის ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო – პროკურატურა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი