იური ვაზაგაშვილმა ბოლო პრესკონფერენცია 5 დღის წინ, 15 იანვარს “რეპორტიორის” პრესკლუბში გამართა. პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, დღევანდელი ფაქტით შოკირებულია, ვაზაგაშვილმა სწორედ ამ პრესკონფერენციიდან მიმართა:
“დღეს უშუალოდ მე მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით ყველამ, ჭიკაიძე რომ მფარველობს ამ მკვლელებს და სავსეა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ზონდერებითა და დამნაშავეებით, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა. ამათი 80% თანამდებობებზეა. […] სხვათა შორის, ეს დამნაშავეები ახლა არ მოსულან, ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მაშინაც მუშაობდნენ”,- განაცხადა მან.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იური ვაზაგიშვილმა არაერთი აქცია გამართა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, თუმცა მისი შვილის დაღუპვის საქმის გამოძიებას 2006 წლის მაისიდან ითხოვდა. სწორედ 2006 წლის 2 მაისს თბილისის ცენტარლურ ქუჩაზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაიჭრა.
შსს კრიმინალური პოლიციის მაშინდელმა უფროსმა ირაკლი ქადაგიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სპეცოპერაცია ყაჩაღური ჯგუფის წევრების დასაკავებლად ხორციელდებოდა, რომლებიც ერთ-ერთი ბინის დასაყაჩაღებლად მიდიოდნენ. მისი ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა ჯგუფის ორი წევრი – ზურაბ ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი, ხოლო მესამე, ბონდო (ბუბა) ბუთურიძე დაიჭრა.
ქადაგიძე ამტკიცებდა, რომ ჯგუფს რუსთავის კოლონიიდან შემთხვევამდე 3 თვით ადრე გათავისუფლებული ალექსანდრე ხუბულოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც რუსთავის კოლონიაში “მაყურებელი“ და კანონიერი ქურდის დავით ქურასბედიანის მეგობარი იყო.
პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპული ვაზაგაშვილი და ხუბულოვი და დაჭრილი ბუბა თოფურიძე „მაკაროვის“, „ჩეზეს“ და „ვალტერის“ სისტემის ოთხი პისტოლეტით იყვენენ შეიარაღებული. ისინი შავი ფერის „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრაობდნენ.
სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათსა და 45 წუთზე შსს-ს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. პროკურატურის მტკიცებით, ლიკვიდაციამდე ხუბულოვმა და ვაზაგაშვილმა სპეციალური დანიშნულების რაზმს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.
“სივილ ჯორჯიას” ინფორმაციით, სპეცოპერაციის გამო აღშფოთება გამოთქვეს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც თვითმხილველები იყვნენ. მათი განცხადებით, თბილისის სანაპირო ქუჩაზე სროლა 4–5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. გამოცემა აქვეყნებს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სპეცოპერაცია უნდა ჩატარდეს იქ, “სადაც აღმოჩნდებიან დამნაშავეები“.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციის თანახმად, მომხდართან დაკავშირებით საქმე ორი მიმართულებით აღიძრა. 2006 წლის 2 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება ხუბულოვის, ვაზაგაშვილისა და ფუთურიძის მიერ ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე, მოგვიანებით კი პროკურატურამ იმის გარკვევა სცადა, დაარღვია თუ არა პოლიციამ კანონი სპეცოპერაციის ჩატარების დროს, თუმცა არც ერთი საქმე დასასრულამდე არ მისულა, რადგან საქმის წარმოება შეწყდა.
ვაზაგაშვილების ოჯახს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ. ოჯახი არც იმ პოზიციას იზიარებდა, რომლის თანახმადაც ზურა და მასთან ერთად მყოფები ბინის დაყაჩაღებას აპირებდნენ, და არც იმის, რომ მათ პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. შესაბამისად, 2007 წელს ვაზაგაშვილების ოჯახმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, საიდანაც საქმის წარმოებაში მიღების დამადასტურებელი წერილი მიიღეს. 2015 წლის მდგომარეობით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენი საქმეზე ჯერ არ გამოუტანია.
ზურა ვაზაგაშვილის და სხვა გახმაურებული საქმეების გამო 2007 წელს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში დადგა. “სივილ ჯორჯიას” ინფორმაციით, ამ ინიციატივას მაშინ მხარი მხოლოდ იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრებმა დაუჭირეს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი ინიციატივა სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობის მოტივით ჩააგდეს. 2009 წელს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა “ქრისტიან-დემოკრატებმაც” წარადგინეს პარლამენტში ინიციატივა ”გახმაურებულ მკვლელობებზე” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, თუმცა პარლამენტმა ეს ინიციატივა ამჯერადაც ჩააგდო.
ზურა ვაზაგაშვილის საქმე აქტუალური გახდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მაშინდელმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 9 თებერვალს მონაწილეობა მიიღო აქციაში, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა 2006 წელს.
ბიძინა ივანიშვილმა აქციაში მონაწილეებს სიტყვითა მიმართა და პრეზიდენტ სააკაშვილს ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებისკენ და „კონკრეტული“ დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა.
“მე მაინც მინდა ვისარგებლო და კიდევ ერთჯერ მოვუწოდო მას [სააკაშვილს], დარჩა ძალიან ცოტა დრო და მისთვისაც უკეთესი და შეღავათი იქნება ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს გამოძიება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი სამართლიანობის აღდგენის ქვეყანაში. რასაც ვერ მოახერხებთ თქვენ დღეს და ხვალ, ჩვენ მოვახერხებთ გვიან, მაგრამ თქვენ დაისჯებით უფრო მკაცრად“, – განაცხადა ივანიშვილმა აქციაზე გამოსვლისას.
მიუხედავად ამ სიტყვებისა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების, “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ზურა ვაზაგაშვილის საქმე კვლავ გამოუძიებელია, მით უფრო, როცა არჩევნებიდან მალევე, 2012 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებდა , საქმეში ახალ დეტალები გამოიკვეთა. ორგანიზაციის თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე ახლად გამოჩენილი გარემოებები იძლევა საფუძველს, რომ დღესვე დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება.
საია–ს განცხადებით, დაცხრილულ ავტომობილში მსხდომ პირთაგან გადარჩა მხოლოდ ბონდო (ბუბა) ფუთურიძე, რომელთანაც მოგვიანებით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. დღემდე ცნობილი იყო, რომ ფუთურიძემ აღიარა წარდგენილი ბრალდება. სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც მოხდა პოლიციელთა მხრიდან ცეცხლის გახსნა.
2012 წლის 26 ოქტომბერს ბონდო ფუთურიძემ საიას ადვოკატ გაგი მოსიაშვილს ახსნა-განმარტება მისცა, რითაც მან უარყო სასამართლოში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ სასამართლოში დაფიქსირებული ჩვენება ზეწოლის შედეგს წარმოადგენდა. როგორც მოსიაშვილი ამბობს, ფუთურიძემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ის და მისი მეგობრები არც საყაჩაღოდ მიდიოდნენ და არც იარაღი ჰქონიათ.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა. აქცია გაიმართა პარლამენტის თბილისის შენობასთანაც, იგი უკმაყოფილი იყო საგამოძიებო ორგანოების მუშაობით. სიცოცხლეში გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე კი დამნაშავეების მფარველობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაადანაშაულა.
აღნიშნულ საქმეზე სამართლებრივი შედეგი არც სტრასბურგში და არც საქართველოში არ დამდგარა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მხოლოდ დღეს, 20 იანვარს, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ “ზურა ვაზაგაშვილის გამოძიების საქმე კარგ გზაზე დგას და შეიძლება მალე შედეგიც დაიდოს და ეს შედეგი დაიდება”.
