ეს განცხადება კასპში, შემთხვევის ადგილზე  ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ გააკეთა, რომელიც არის ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლის” დამფუძნებელი იური ვაზაგაშვილთან ერთად. 

 

საპროტესტო აქციის მოთხოვნაა,  ხელისუფლებამ სწრაფად გმოიძიოს სოფელ ყარაფილაში მომხდარი ფაქტი, რის შედეგადაც იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა:

 

“პირობას ვაძლვეთ ყველას, რომ ამას ვერ გადაურჩება ვერავინ და მთელ საზოგადოებას და საქართელოს ვეუბნები, რომ თუ ამის გამო დანაშაულის ჩამდენებო არ დაისაჯნენ, საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ჩვენ ვცხოვრობთ დაუცველ ქვეყანაში, შეიძლება, ადამიანს შვილის საფლავზე მისვლის ეშინოდეს?”- აცხადებს სოსო რობაქიძე. 

 

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში მდებარე სასაფლაოსთან შეკრებილი საზოგადოება დაიშალა. იური ვაზაგაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და საზოგადოება “გადაარჩინე სიცოცხლის” წევრები თბილისში წამოვიდნენ და “ჯაზუსთან” დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. 

 

ყარაფილას სასაფლაოზე შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. იური ვაზაგაშვილის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან არ გადაუსვენებიათ. 

 

2006 წელს მოკლული ახალგაზრდის მამა იური ვაზაგაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა შვილის საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას,  20 იანვარს, დაახლოებით 13.30 საათზე შვილის საფლავზე მესაფლავეებმა აღმოაჩინეს. კასპის რაიონის ყარაფილას მცხოვრებლებმა “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ იური ვაზაგაშვილი სოფლის სასაფლაოზე  დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც თავისი შვილის საფლავთან მარტო მივიდა.

 

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ზურა ვაზაგაშვილის საფლავიდან აფეთქების  ხმა შემოესმათ, შემდეგ კი მესაფლავეებმა დაიძახეს, რომ “იურა მოკვდა”.  მათი თქმით, იური ვაზაგაშვილი გარდაცვლილი პირველად მესაფლავეებმა ნახეს. აფეთქების ხმა კი ერთხელ გაისმა.  სასაფლაოსთან შეკრებილი მოსახლეობის თქმით, პოლიციამ გორში დაკითხვაზე წაიყვანა 2 მესაფლავე და 3 ადგილობრივი მცხოვრები. 

 

“ნეტგაზეთისთვის” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გახდა ცნობილი – ზურა ვაზაგაშვილის საფლავიდან 10 მეტრში პოლიცია 24 საათის განმავლობაში პატრულირებს, რადგანაც  სასაფლაოდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვარი. ჯერჯერობით უცნობია, გამოძიება აწარმოებს თუ არა იმ პოლიციელების დაკითხვას, რომლებიც შემთხვევის დროს პატრულირებდნენ. 

  

პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

 

 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *