გაერთიანებული შტაბის უფროსი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში მართავს ვიზიტს. ის ამბობს, რომ პენტაგონში ალასანიას პოსტიდან გადაყენებასთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამთ.
“ვინაიდან პენტაგონი მაინც სამხედრო ორგანიზაციაა, მსგავსი კითხვები არ ყოფილა. ერთადერთი, ერთ–ერთმა პოლიტიკურმა წარმომადგენელმა, მრჩეველმა გაერთიანებული შტაბის უფროსის, მკითხა, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა და რამდენად ვიყავით ინფორმირებულები. დანარჩენი იყო ძალიან საქმიანი შეხვედრები,”– განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
კაპანაძის თქმით, ჯარი პოლიტიკურ ორთაბრძოლებს არ ექვემდებარება:
“ჯარი არ არის რომელიმე პოლიტიკური მხარის ნაწილი, ჯარი არის დამოუკიდებელი სამხედრო უწყება, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არ ექვემდებარება არავითარ პოლიტიკურ ორთაბრძოლებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა.“
გენერალური შტაბის უფროსი ამბობს, რომ ახალ მინისტრს, მინდია ჯანელიძეს კარგად იცნობს და წარმატებებს უსურვებს.
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ლასანიას დაკავებული პოსტიდან გადააყენების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე 4 ნოემბერს განაცხადა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 6 მოქმედ მაღალჩინოსანს ბრალი ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით წაუყენა, ხოლო “სილქნეტის” სასარგებლოდ თანხის გაფლანგვის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს დააკავეს.
