გელა გურული საგამოძიებო სამსახურმა თანხების მითვისების (სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი) ბრალდებით დააკავა, თუმცა დაკავებამდე ბიზნესმენმა ტელეკომპანია “ტვ 3”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნული ორგანო (ყოფილი ფინანსური პოლიცია) მასზე ზეწოლას ახორციელებდა იმ მიზნით, რომ მას უარი ეთქვა სამოქალაქო სარჩელზე ბიზნესმენების – ილია კოკაიასა და გიორგი კაპანაძის წინააღმდეგ. აღნიშნული ბიზნესმენები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლების საგამოძიებო ორგანოებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებთანაც წარსულში ასევე მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდათ.

გელა გურულის სამშენებლო კომპანია “დომინუსმა” სამშენებლო სამუშაოები განახორციელა ილია კოკაიას კუთვნილ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” სტადიონსა და ბაზაზე. გურულს საგამოძიებო ორგანოები ედავებიან, რომ მან ამ ხელშეკრულების ფარგლებში 240 ათასი ლარი მიითვისა.
გურულის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის “წმინდა სამოქალაქო სახელშეკრულებო ურთიერთობა” და, შესაბამისად, “წარდგენილი ბრალი არის აბსურდული”.
სამოქალაქო დავა გელა გურულს ილია კოკაიასთან და გიორგი კაპანაძესთან უკვე სხვა საქმის გამო აქვს. გურულის განცხადებით, 2005 წელს ზესტაფონში, წიდის მომპოვებელ კომპანიაში, კოკაიამ და კაპანაძემ წინა ხელისუფლების დახმარებით 50%-იანი წილი უკანონოდ წაართვეს, რაც გურულმა 2012 წელს გაასაჩივრა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმე მოიგო. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომლითაც კოკაიას და კაპანაძეს გურულისთვის 3.5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ, მათ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. გურული და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ გურულისთვის ბრალის წარდგენა სწორედ ამ საქმეს უკავშირდება.
დაკავებული საქმის პოლიტიკურ მოტივზეც საუბრობს, რადგან გიორგი კაპანაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა “ნაციონალური მოძრაობის” უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, რაზეც ბრალი აქვთ წარდგენილი თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს, თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავასა და მის ქვისლს – გიორგი ღონიაშვილს.
გიორგი კაპანაძე წლების მანძილზე იყო ბიზნესმენ ილია კოკაიას პარტნიორი “საქართველოს ფეროშენადნობთა ქარხანაში”. კოკაია, რომელინ ანჟამად არის საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის 100%-იანი წილის მფლობელი და პრეზიდენტი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთი მფლობელი იყო, რომელიც 2005 წლის ბოლოს ქარხანაში ჩატარებული ფინანსური შემოწმების შედეგად ქვეყნიდან გაიქცა, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც “ფეროს” წილი გაასხვისა, საქართველოში უკან დაბრუნდა.
ილია კოკაია პროკურატურის მოწმეა ყოფილი პროკურორების წინააღმდეგ საქმეზე. კოკაიას თქმით, 2011 წელს მას პროკურატურამ 5 მილიონი აშშ დოლარი გამოსძალა მისი შვილისთვის საპროცესო გარიგების გაფორმების სანაცვლოდ.
