“ტრანს ელექტრიკას” “ხუდონჰესის” მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე უნდა დაეწყო, თუმცა ენერგეტიკის სამინიტროსთნ მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დასრულებულა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “ნეტაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ “ტრანს ელექტრიკასთან” მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში დასრულდება. სამინისტრო კომპანიისგან საბანკო გარანტიებს და დამფუძნებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს:
“იმედი მაქვს, “ტრანს ელექტრიკასთან” გავაფორმებთ ახალ მემორანდუმს, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი, რა უნდა განახორციელოს და გააკეთოს კომპანიამ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ეს კომპანია შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას. აქ საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი. თვითონ სამშენებლო ღირებულება ამ პროექტის 750 მლნ აშშ დოლარია. ბანკების მომსახურებით თანხა 1 მილიარდამდე ავა. მათ უნდა დაასაბუთონ, რომ ეს პროექტი იქნება განხორციელებული. ასევე ჩვენი მოთხოვნა არის, ყველაფერი იყოს გამჭვირვალე.”
კახა კალაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ თუ “ტრანს ელექტრიკა” სამინისტროს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შესაძლოა “ხუდონჰესის” პროექტი სახელმწიფომ განახორციელოს:
“ჩვენ მოვთხოვეთ მათ წარმოადგინონ დამფუძნებლების სია. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. არ უნდა იყოს კომპანია ოფშორში დარეგისტრირებული. თუ “ტრანს ელექტრიკამ” ვერ წარმოადგინა დამფუძნებლების სია და საბანკო გარანტია, არ გამოვრიცხავ, რომ “ხუდონჰესის” პროექტის განხორციელება სახელმწიფომ იკისროს. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს.”
“ნეტგაზეთის” კითხვას, რა ფინანსური რესურსი იქნება გამოყენებული ჰესის ასაშენებლად და შეძლებს თუ არა სახელმწიფო ერთი მილიარდი დოლარის მოზიდვას, ენერგეტიკის მინისტრი ასე პასუხობს:
“ერთი მილიარდი დოლარი ერთ წელიწადში ხომ არ არის მოსაზიდი?! გარკვეული წლები დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას. მე ვფიქრობ, 5–7 წელი დასჭირდება, რომ სრულყოფილად, 100%–ით მოხდეს ამ “ხუდონჰესის” აშენება. ვფიქრობ, ეს თანხები ეტაპობრივად უნდა იქნას დახარჯული. თუ გადაწყვეტილება მივიღეთ, სახელმწიფო ამ პროექტის განხორციელებას შეძლებს.”
კომპანია “ტრანს ელექტრიკაში” “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ თემაზე სხვა კომენტარს არ გააკეთებენ.
უნდა განახორციელოს თუ არა სახელმწიფომ “ხუდონჰესის” პროექტი, ამ საკითხზე ენერგეტიკის სფეროს ექსპერტების აზრი იყოფა:
ენერგეტიკის გეოპოლიტიკის ექსპერტი შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში ლიანა ჯერვალიძე ამბობს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მოთხოვნა სამართლიანია და თუ “ხუდონჰესის” ასაშენებლად ინვესტორი არ მოიძებნა, კარგი იქნება, თუ პროექტს სახელმწიფო დაიწყებს:
“საბანკო გარანტიის გარეშე არ შეიძლება ასეთი დიდი პროექტის დაწყება. საინტერესოა ვიცოდეთ, ვინ დგას “ტრანს ელექტრიკას” უკან, რადგან თუ “ხუდონჰესი” აშენდა, ეს იქნება სტრატეგიული ობიქეტი, რომელზეც დიდად იქნება დამოკიდებული ჩვენი შიდა ენერგეტიკული უსაფრთხოება. თუ სახელმწიფოს აქვს სახსრები, რომ ეს პროექტი დროში გაწეროს, ფული გამოყოს და თვითონ განახორციელოს, ეს საინტერესო იქნება როგორც შიდა მომარაგების, ისე ექსპორტის თვალსაზრისით. ამ პროექტს დასჭირდება კარგი მენეჯმენტი.”
ანალიტიკური ცენტრის “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დირექტორი ენერგეტიკის საკითხებში მურმან მარგველაშვილი ფიქრობს, რომ “ხუდონჰესი” კერძო ინვესტორმა უნდა ააშენოს, რადგან სახელმწიფოს ჩართვა ამ ტიპის პროექტებში ეკონომიკურად გაუმართლებელია:
“თუ დასავლეთისკენ მივდივართ, უნდა ვცადოთ მაქსიმალურად საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ინვესტორებს მოუნდეთ ინვესტიციების განხორციელება ენერგოპროექტებში. თუ “ხუდონჰესს” ააშენებს კერძო კომპანია, უკეთესი იქნება. თუ “ტრანს ელექტრიკასთან” მოლაპარაკებები ჩაიშალა, მაშინ სახელმწიფომ სხვა ინვესტორი უნდა მოძებნოს.”
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი ჰესების მშენებლობა დასაშვებად მიიჩნია, თუკი ამას ექსპერტების კვლევის შედეგები გაამართლებდა. სწორედ ამ ექსპერტების კვლევის შედეგებმა აუნთო მწვანე შუქი ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორს, რომელსაც ოფშორებში დარეგისტრირებული ინდური კომპანია “ტრანს ელექტრიკა” წარმოადგენს.
ინვესტორს რამდენჯერმე ჰქონდა მოლაპარაკების მცდელობა ხაიშელებთან, თუმცა მოსახლეობა არანაირი კომპენსაციის სანაცვლოდ არ აპირებს სოფლის დატოვებას. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ორასზე მეტმა მამაკაცმა ძველი რიტუალი აღასრულა და წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცა, არ დატოვონ ტაძარი, სასაფლაოები და ხაიშის მთები. ხაიშელების ცნობით, მესტიაში გამართული კონფერენციის შემდეგ ხატზე კიდევ ოცმა ადამიანმა დაიფიცა.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხუდონჰესის დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ იქნება. ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება -1.5 მლრდ კვტ.სთ. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას 2014 წლის 1 მარტამდე უნდა დაეწყო მშენებლობა, ამ დრომდე ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ვერც ერთი ნებართვა ვერ მიიღო. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 111 შენიშვნის მიღების შემდეგ კომპანიას არ წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასების განახლებული ანგარიში.
