ბავშვის დაბადება ნებისმიერი ოჯახისთვის სასწაულის ტოლფასია. მისი ჯანმრთელი მომავლისათვის ახლობლები ზრუნვას არ იშურებენ. ყველა მშობელს უნდა შვილი ჯანმრთელი, მაღალი და ტანადი ჰყავდეს, თუმცა ხშირად ხდება, რომ მოზარდს პრობლემები ექმნება გარკვეული მიმართულებებით. ერთ-ერთი ასეთია ტანადობა – სიმაღლე და სწორი აღნაგობა. ამ დროს იწყება მიზეზთა ძიება და ხშირად სახელდება არასწორად შერჩეული საწოლი, მერხი, მძიმე ზურგჩანთა, მაგრამ რეალური მიზეზების დადგენა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.
პრობლემების გამოვლენის შემთხევვაში, ტანადობის კორექციისთვის მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ორთოპედს ან ექიმ-რეაბილიტოლოგს.
ხშირად ისმება კითხვები, რა არის სკოლიოზი? რა იწვევს მას, რა ასაკში ხდება პათოლოგიის გამოვლენა, რამდენად არის შესაძლებელი მისი განკურნება და ა შ.

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად მივმართეთ კლინიკა „მედსის“ სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტის მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მანანა რუხაძეს:
ქალბატონო მანანა, რამდენად ხშირია თქვენთან ტანადობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოზარდების მომართვიანობა და რა იწვევს სკოლიოზს?
ბოლო პერიოდში ტანადობის დარღვევის მქონე ბავშვების რიცხვმა შესამჩნევად იმატა. არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, თუ ვიტყვი, რომ ეს პრობლემა 100-დან 60-70 ბავშვს მაინც აღენიშნება და, შესაბამისად, მომართვიანობაც ძალიან ხშირია. თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ეს აპრიორი სკოლიოზია. კლინიკაში გვაქვს შემთხვევები, როცა სახეზეა არასტაბილური ხერხემალი, ე.წ. ტანადობის დარღვევა, რაც კუნთოვანი სისტემის არასათანადო განვითარების გამო ყალიბდება. ბავშვს უჭირს ნორმალურად ჯდომაც და დგომაც, მოზარდი იძულებით მდგომარეობას იღებს, მხრებში იხრება, რაც შემდგომ ჩვევაში გადადის. ამდენად, ტანადობის დარღვევის დროს წამყვანია ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის სისუსტე, რომლის გამოსწორებაც იოლად შეიძლება და აუცილებელიც კია, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომში სკოლიოზის ჩამოყალიბება.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ შესამჩნევია, რომ მისი შვილი ასაკის შესაბამისი სიმაღლის არ არის?
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართონ ბავშვთა ენდოკრინოლოგს, უმჯობესია სპეციალიზირებულ ზრდის ცენტრებს, როგორიც, მაგალითად, ჩევნს კლინიკაშიც ფუნქციონირებს. აქ მშობლების სიმაღლის მიხედვით დადგინდება, თუ რა სიმაღლის იქნება ბავშვი მოზრდილობაში, ე.წ. სამიზნე სიმაღლე. შემდეგ გაანალიზდება ბავშვის ამჟამინდელი სიმაღლე, ჩამორჩება თუ არა იგი საშუალო ასაკობრივ ნორმებს; დადგინდება აგრეთვე, ხომ არა აქვს ადგილი იმ ტიპის ენდოკრინულ პათოლოგიას, რომელიც ზრდის შეფერხებას იწვევს. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მკურნალობის მეთოდების შერჩევა და სამკურნალო პროცესის დაგეგმვა. მინდა აღვნიშნო, რომ სიმაღლეში ჩამორჩენა შესაძლოა უკავშირდებოდეს ხერხემლის გამრუდებას ფრონტალურ ან საგიტალურ სიბრტყეებში.
რა პრინციპით მკურნალობენ სკოლიოზს?
ჩვენ ვცდილობთ თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად შევურჩიოთ მკურნალობის მეთოდები. მკურნალობის მეთოდებზე უფრო საჭირო პირველად საწოლის სწორად შერჩევაა. ბავშვის საწოლს უნდა ჰქონდეს ხმელი ზედაპირი, სასურველია საწოლზე დავდოთ ფიცარი და ზემოდან 8-10 სმ სიმაღლის ლეიბი დავაგოთ. ბავშვი თავიდანვე უნდა შევაჩვიოთ ზურგზე წოლას. სასურფველია ბალიში კარგად იყოს მორგებული. იგი უნდა ავსებდეს სივრცეს კეფასა და გულმკერდის ნადრეკს შორის. თავი ისე უნდა ედოს ბავშვს, რომ არც წინ ჰქონდეს წამოწეული და არც უკან გადავარდნილი. თუ მოზარდს ხერხემლის პრობლემები არ აქვს, უბალიშოდაც დაწვება, მაგრამ თუკი ტანადობის პრობლემა აქვს, თავი უთუოდ კომფორტულად უნდა ედოს ბალიშზე. უამისოდ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა დაერღვევა და შესაძლოა კოშმარები დაესიზმროს. მერხსა და საწერ მაგიდასთან ბავშვი მაქსიმალურად გამართული უნდა იჯდეს. სკოლიოზის და ტანადობის დარღვევის პრობლემების დროს მკურნალობის წამყვანი მეთოდია სამკურნალო ტანვარჯიში, იგივე კინეზოთერაპია. ასევე მნიშვნელოვანია მასაჟი. ხშირად კომლექსურად ხდება სამკურნალო პროცესის დაგეგმვა.
სავარაუდოდ რა პერიოდს მოიცავს მკურნალობის ეტაპი?
სამი თვე მაინც არის საჭირო სრული შედეგის მისაღწევად, ანუ ხერხემლის დამჭერი კუნთების მაქსიმალურ კონდიციამდე მისაყვანად. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, 10-15 კინეზოთერაპიისა და სამკურნალო მასაჟის პროცედურა საკმარისია, რათა სწორი ბიძგი მიეცეს ხერხემლის კუნთური და სახსროვანი აპარატის განვითარებას, რაც შემდგომ ბავშვის დამოუკიდებლად ვარჯიშით უნდა გაგრძელდეს. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ აგრეთვე კუნთური სისტემის განვითარებისა და ხერხემლის ტრაქციის სხვა მეთოდებსაც, რაც საშუალებას გვაძლევს თითქმის ყველა შემთხვევაში მივიღოთ სასურველი, მაღალი სამკურნალო შედეგი. კლინიკა „მედსში“ ფუნქციონირებს ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი, ფიზიოთერაპიული, სამასაჟო და მანუალური თერაპიის კაბინეტები, სადაც მუშაობენ მაღვალკვალიფიციური სპეციალისტები – ფიზიოთერაპისტები. ამ ყველაფრის საშუალებით ჩვენთან მოსული პაციენტები შედეგს ყოველთვის აღწევენ.

