“მე რეალურად პოლიტიკაში მოვედი იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხედვა არის ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი. მასთან პარტნიორობის საჭიროებამ მომიყვანა პოლიტიკაში, აქედან გამომდინარე გაგრძელდება საარჩევნო კამპანია. ბუნებრივია, ჩვენ ერთნაირად ვხედავთ მოვლენებს, ერთნაირად ვხედავთ საქართველოს მომავალს, ბუნებრივია, რომ ერთიანად ვგეგმავთ იმას, რისკენაც საქართველო მიდის. რა თქმა უნდა, საზოგადოება გარკვეულწილად შეიძლება დაბნეული იყოს იქიდან გამომდინარე, რასაც ამბობს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, ყველაფერი არის ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს ისტორია შეცვალა. მარგველაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ენდონ ივანიშვილის ხედვას:
“რა თქმა უნდა, იდეალური არის მთავრობის პოზიციიდან, რომ ასეთი ხელმძღვანელი იყოს და მთავრობისთვის, რა თქმა უდნა, მძიმეა, როდესაც ის ამ ნაბიჯს დგამს, მაგრამ მე მინდა ამ ნაბიჯში დავინახო ის, რომ მთავარი მთავრობა კი არ არის, მთავარი საზოგადოებაა. ის არის საზოგადოების სამსახურში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა წავიდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოებას და დემოკრატიას გაძლიერება”, – აღნიშნა მარგველაშვილმა. ის ასევე შეეხო პრემიერის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს:
“მე მინდა შევეხო იმ წერილს, რომელიც გამოაქვეყნა ბატონმა ბიძინამ, მან ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა. ამ წერილში საუბარია ძალიან დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყნის შექმნაზე. რეალურად, ბევრი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი იყო ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოების და თავად პოლიტიკის განვითარებისთვის შემაფერხებელი. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ევროპული ტიპის საზოგადოების და პოლიტიკური პროცესების ჩამოყალიბებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი იყოს ისეთივე განსაკუთრებული, როგორიც არის ამ ქვეყნის მოსახლეობა და კულტურა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
