ადვოკატი სამარჯიშვილი, ვინც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დაკავებულ პირებს იცავს, ამბობს, რომ გამოძიებამ ფაქტების მოძიება დაასრულა და, სავარაუდოდ, სამივე ადამიანს ბრალს წაუყენებს.
“ბრალის წარდგინების შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ,”- აცხადებს სამარჯიშვილი.
ადვოკატის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს ადვოკატი არ ჰყავთ, რადგან, სავრაუდოდ, ას-ას ლარიანი ჯარიმები ელით. მათი სასამართლო პროცესი ახალციხის სამხარეო სასამართლოში დღეს უნდა გაიმართოს.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოს შენობაში გუშინ, ჟურნალისტ თამარ გუჩიძის ინფორმაციით, 20-21 პირი დააკავეს და 7 პირი გუშინვე გაათავისუფლეს. ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, სამმართველოს შენობაში დაკავებული 3 პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჯგუფურად და წინასწარი განზრახვით, ხოლო 6 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობა, არიან დაკავებული. შსს რამდენიმე ადამიანის დაკავებას ადასტურებს, თუმცა ზუსტი ციფრი არ დაუსახელებია.
გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. დღეს ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთისთვის მინარეთის მიშენების შემდეგ სოფელში პარალელურად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მინარეთის მოხსნის მოთხოვნით. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფელში სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს, რადგან მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ.
