“არ ვიცით, მე თვითონ მივდივარ და ჩემი კოლეგები მოდიან. ყურით გაგონილს თვალით ნანახი ჯობიაო. მუსლიმს, ყველას აინტერესებს, რომ რა მოხდა, რატომ მოხდა მინარეთის გაკეთება, შემდეგში მაგის დაშლა. ეს ხალხი ჩამოდიან, რომ შეისწავლონ, რა ხდება და თანადგომა გამოუცხადონ,”- განაცხადა ჯემალ აგაძემ, ქვემო ქართლის მუფთმა.
ჯემალ აგაძის თქმით, წალკელი მუსლიმები ახალციხეში ჩავლენ. მისი თქმით, ხვალ დილისთვის ყველა რეგიონის მუფთი და საქართველოს მუფთი ახალციხეში იქნებიან. აჭარის მუფთის, ჟემალ პაქსაძის თქმით, აჭარაში მცხოვრები მუსლიმები ხვალ ჩავლენ.
“ჩვენ მაინც მივდივართ ხვალ, ფაქტი უნდა ვიხილოთ ადგილზე,”- განაცხადა პაქსაძემ და დაამატა, რომ მას ახალციხეში მიმავალი გზების დაზიანების შესახებ არ სმენია და ისინი ქალაქში მაინც ჩავლენ.
ტარიელ ნაკაიძის, საქართველოს მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩავლენ მუსლიმები ახალციხეში. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს დღეებში მინარეთს უკან დააბრუნებენ.
გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. დღეს ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთისთვის მინარეთის მიშენების შემდეგ სოფელში პარალელურად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მინარეთის მოხსნის მოთხოვნით. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფელში სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს, რადგან მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ.
მინარეთის დემონტაჟი ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილმა გააპროტესტა. ახალციხეში, სამხარეო სამმართველოს შენობასთან ათობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სოფელ ჭელაში მეჩეთისთვის მინარეთის მოხსნას აპროტესტებენ და დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მტავარი სამამრთველოს შენობაში დაკავებული 7 პირი უკვე გაათავისუფლეს. თამარ უჩიძის თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, 13-14 პირი რჩება დაკავებული.
