“გამოძიება ინტენსიურად გრძელდება და ჩვენ მიერ იგეგმება სხვა მსჯავრდებულების პასუხისგებაში მიცემა. ასევე არ არის გამორიცხული, სისხლისსამართლის პასუხისგებაში მიცემული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებიც” –განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
გეგუთის ციხეში ნაცემი და შემდეგ გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გუშინ, 2 აგვისტოს გამოაცხადა.
პროკურატურის განცხადებით, თავდაპირველად შელაპარაკება ლევან კორტავასა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის, ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით მოხდა. ილია შანშიაშვილმა კი კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს, მეტსახელად „ბულდოგას“ დაავალა. ლევან კორტავასა და შოთა სინაურიძეს შორის დაწყებული საუბარი კი კონფლიქტსა და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რომლის მიმდინარეობისას ლევან კორტავამ ძალადობის საპასუხოდ, ხელი დაარტყა შოთა სინაურიძეს.
“მომხდარის თაობაზე ცნობილი გახდა უსაფრთხოების ინსპექტორ – ილია შანშაშვილისათვის, რომელმაც უგულვებელყო მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა – უზრუნველეყო მსჯავრდებულთა უსაფრთხოება, გამოევლინა და აღეკვეთა დანაშაული. ილია შანშაშვილის ამგვარი დამოკიდებულებით წახალისებულმა შოთა სინაურიძემ და ამავე დაწესებულებაში მცხოვრებმა, ასევე მსჯავრდებულმა გიორგი შემაზაშვილმა (მეტსახელად „გორსკი“) ლევან კორტავა ძალის გამოყენებით წაიყვანეს მეექვსე კორპუსის მესამე სართულზე მდებარე N 338-ე საკანში, სადაც სხვა მსჯავრდებულებთან – სოლომონ დაშნიანთან, გელა უშხვანთან (მეტსახელად „გალსკი“) და თეიმურაზ გურეშიძესთან (მეტსახელად „რუბენიჩი“) ერთად ლევან კორტავას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსჯავრდებულთა მიერ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით ლევან კორტავას საკანში შეყვანის შესახებ იმთავითვე იყო ცნობილი ილია შანშაშვილისათვის”– ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურის ინფორმაციითვე, ნაცემ ლევან კორტავასთან, რომელიც სხვა პატიმრებთან ერთად მეექვსე კორპუსის მეოთხე სართულზე იმყოფებოდა, მივიდნენ ზემოხსენებული დაწესებულების პატიმრები ლაშა კვანტალიანი, შოთა სინაურიძე, გიორგი შემაზაშვილი, სოლომონ დაშნიანი, გელა უშხვანი, თეიმურაზ გურეშიძე და ნუგზარ ბუჩუაძე (მეტსახელად „რიჟა“), რომლებმაც სასაუბროდ გაიხმეს ლევან კორტავა N 336 საკანში, სადაც იგივე მიზეზით – მსჯავრდებულ შოთა სინაურიძის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდნისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ჯგუფურად, გონების დაკარგვამდე, განსაკუთრებული სისასტიკით ცემეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ლევან კორტავა. ამასთან, ამ უკანასკნელის ცემა არ შეუწყვეტიათ გონების დაკარგვის შემდეგაც რამდენიმე წუთის მანძილზე.
“განხორციელებული ძალადობის შედეგად ლევან კორტავამ მიიღო მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, კერძოდ, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე, ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა”. – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
2013 წლის 23 მაისს, ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შუშუპებისა და დარბილების გამო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
პროკურატურა ილია შანშაშვილის უმოქმედობით ჩადენილი დანაშაულის გარდა, ლევან კორტავას სხეულის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიების მცდარ კვალზე დაყენებისაც ედავება. პროკურატურის განცხადებით, როგორც თავისთვის, ასევე, დანაშაულის ჩამდენ პირთათვის, მოსალოდნელი პასუხისმგელობის თავიდან აცილების მიზნით, ილია შანშაშვილმა დაწესებულის რამდენიმე თანამშრომელთან შეთანხმებით ჩაიდინა მტკიცებულების ფალსიფიკაცია. კერძოდ, 2013 წლის 13 მაისს, დაახლოებით 01:30 საათისათვის, მსჯავრდებულის დაშავების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით მისულ გამომძიებელს განზრახ არასწორად მიუთითა ლევან კორტავას სხეულის დაზიანების ადგილი და განუცხადა, რომ ლევან კორტავამ დაზიანებები მიიღო მეორე სართულის კიბიდან დაგორების შედეგად, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. ამგვარად, საგამოძიებო მოქმედების – შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე ხელმოწერით ილია შანშაშვილმა მტკიცებულების ფალსიფიკაციის გზით მცდარ კვალზე დააყენა გამოძიება.
სამსახურებრივი გულგრილობის, სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისათვის და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისათვის დაკავებული იქნა სად-ის N14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ილია შანშაშვილი.
სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენისათვის ბრალდება წარედგინებათ სად-ის N14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ გიგა კოხოძესა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ (კონტროლიორ) ალექსანდრე ბაბუნაშვილს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისჩადენისათვის სად-ის N14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ თენგიზ ნასარეიას.
გუშინ პროკურატურამ ასევე დააკავა დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი პირი- ადრე, განზრახ დანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი შემაზაშვილი, რომელიც კორტავას საქმეზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 2013 წლის 7 ივნისს სასჯელის მოხდის გამო გათავისუფლებული იყო საპატიმრო დაწესებულებიდან.
მას ბრალად წარედგინება სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან ცამეტ წლამდე ითვალისწინებს.
იგივე ბრალდება წარედგინებათ დანაშაულის ჩამდენ დანარჩენ პირებსაც – ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, სოლომონ დაშნიანს, გელა უშხვანს, თეიმურაზ გურეშიძეს და ნუგზარ ბუჩუაძეს, რომლებიც ამჟამადაც საპატიმრო დაწესებულებაში არიან.
