ევროსაბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიზიტის დროს გამართული მაღალი დონის მოლაპარაკებები ძირითადად შეეხებოდა ზოგიერთი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ პატიმართა აშკარად არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა ეფექტიან გამოძიებას, რაც 2012 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნებული ვიდეომასალებით გამოვლინდა. ასევე განიხილებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში გადადგმული და დაგეგმილი, როგორც საკანონმდებლო, ასევე, ადმინისტრაციული ნაბიჯები. თავის ანგარიშში წამების საწინააღმდეგო კომიტეტი მიესალმება ციხეებში ფართომასშტაბიან ამნისტიას, თუმცა აღნიშნავს, რომ ციხეების გადატვირთულობის და პატიმართა რაოდენობის ზრდის პრობლემები ვერ იქნება სრულფასოვნად გადაჭრილი ასეთი სახის განსაკუთრებული ზომებით; ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირების მდგრადი სტრატეგია უნდა შეიცავდეს ნაბიჯებს, რომლებიც უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის, როგორც უკიდურესი ზომის გამოყენებას. კომიტეტმა ასევე წარმოადგინა რეკომენდაციები გლდანისა და ქუთაისის ციხეებზე და სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებზე, განსაკუთრებით, სამედიცინო მომსახურეობაზე ციხეებში.
გარდა ამისა, კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებისა და ბრალდებულ პირთა მიმართ გატარებული სამართლებრივი სანქციების შესახებ.
საქართველოს ხელისუფლებამ კომიტეტს წარუდგინა ინფორმაცია ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებზე, ასევე იმ ზომებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს ციხეების სისტემის რეფორმირებისაკენ. ეს ზომები მოიცავს ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირებას, არსებული ციხეების გარემონტებას და ახალი დაწესებულებების აშენებას, აქტივობათა პროგრამების განვითარებას ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის, ასევე, ციხეების თანამშრომელთა უკეთ გადამზადებას.
საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის N2 დაწესებულების თანამშრომლების -ზურაბ რუხაიას, გაგა ლიპარტელიანის, დავით ნარსიას, ირაკლი ამირანაშვილის, ნიკა ვახტანგიშვილის, მიხეილ ჩხაიძისა და გიორგი გრძელიძის მიერ მსჯავრდებულთა ცემა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა.
ქუთაისის მე–2 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ზურაბ რუხაია ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 144 პრიმა მუხლის(წამება) მეორე ნაწილის “ა“, “ბ“, “ე“ და “ზ“ ქვეპუნქტებითა და 144 3-ე მუხლის(არაადამიანური მოპყობა) მეორე ნაწილის “ა“, “ბ“, “ე“ და “ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ მიესაჯა 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის მე–2 საპყრობილის რეჟიმის ყოფილი უფროსი გაგა ლიპარტელიანი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 144 1-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“, “ბ“, “ე“ და “ზ“ ქვეპუნქტებითა და 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“, “ბ“, “ე“ და “ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დავით ნარსია, ირაკლი ამირანაშვილი და ნიკა ვახტანგიშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 144 3-ე მუხლის(დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მეორე ნაწილის “ა“, “ბ“, “ე“ და “ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ მიესაჯათ 3 წლით 4 თვითა და 15 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
პროკურატურისვე ცნობით, ქუთაისის ციხის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩხაიძე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 144 1 და 144 3-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“, “ბ“, “ე“ და “ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. პროკურატურა ამ განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
ხელისუფლებამ წამების კომიტეტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ 15 პირის საქმეზე, რომლებზეც ჯერ სასამართლო განაჩენი არ დამდგარა, ასევე, ინფორმაცია გლდანის ციხის ყოფილ თანამშრომლებზე, რომელთა ნაწილთანაც მთავრობამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
