“ეს ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელია და არავითარ მრჩევლობას არ ვაპირებ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” დავით ზურაბიშვილმა.

 

მისი თქმით, წინა განათლების მინისტრს და ამჟამად “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილსაც ჰქონდა მის მიმართ პრეტენზიები:

 

“ბატონი მარგველაშვილიც თვლიდა და, როგორც ჩანს, ქალბატონი სანიკიძეც თვლის, რომ ეს მე ვერ ვართმევდი თავს დაკისრებულ მოვალეობას და ცოტა სასაცილოდ მეჩვენება ამ სფეროში ჩემს კვალიფუკაციაზე საუბარი”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

 

რამდენიმე კვირის წინ გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების დაკავება-გათავისუფლება-დაკავების ფაქტის შეფასებისას, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა: “მერწუმენთ, მალე “ნაციონალური მოძრაობის” გზას დავადგებით, ამიტომ აუცილებელია დაისაჯოს ის, ვინც ეს გააკეთა. 9 წელიწადი სააკაშვილმა ფილმების ყურებას მიმაჩვია, ამიტომ არ მინდა, მმართველმა გუნდმა კრიმინალური სერიალების ჩვენება გააგრძელოს”.

 

დავით ზურაბიშვილი დღეს “ნეტგაზეთთან” საუბარში ისევ იმეორებს:

 

“თუ ასე გაგრძელდება, მართლა დავემგსავებით “ნაციონალურ მოძრაობას”.

 

იგი მის დათხოვნას ზემოთ აღნიშნულ ინტერვიუსაც უკავშირებს, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები არ მიუღია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან. ამის მიუხედავად, ის ადასტურებს, რომ პრემიერის გარეშე მისი გათავისუფლების საკითხი ვერ იქნებოდა მიღებული:

 

“ეს არის დარტყმა არა მხლოდ ჩემს, არამედ “რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ,” – აცხადებს ზურაბიშვილი და იქვე დასძენს, რომ დღევანდელი ფაქტის შემდეგ გამორიცხავს მის საქმიანობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში და აპირებს, ძირითადად, პარტიული საქმიანობით დაკავდეს.

 

დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ აღარ განიხილავს მინისტრის მოადგილის პოზიციაზე დავით ზურაბიშვილის კანდიდატურას, თუმცა აპირებს, მას შესთავაზოს მრჩევლის პოზიცია.

 

ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა თანამდებობიდან პრემიერის ბრძანებით, როდესაც თანამდებობიდან გადაყენებული იქნა მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და, შესაბამისად – მისი ყველა მოადგილე. მოგვიანებით, ივანიშვილის ბრძანებით, მინისტრის პოზიცია დაიკავა ყოფილმა პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ და ამ დროისთვის, ასევე, პირველი მოადგილის თანამდებობაზე დანიშნულია ყოფილი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი. ამჟამად უცნობია, დაიკავებს თუ არა ისევ მინისტრის მოადგილის პოზიციას ალუდა გოგლიჩიძე. სანიკიძემ დღეს განაცხადა, რომ მას ოთხი მოადგილე ეყოლება, თუმცა მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *