მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მიესალმება. 

 

“თუ გავიხსენებთ პრემიერ–მინისტრის ბოლო პრესკონფერენციას, იქაც ბიძინა ივანიშვილმა გარკვეული კრიტიკული მოსაზრება გაატარა თუ გაუშვა პროკურატურის მისამართით, რომ ვერ მუშაობს კარგად და იქ არის პრობლემები, ძველი თუ ახალი, მაგრამ არის. ამას თუ დავუმატებთ ბედუკაძესთან დაკავშირებით პროკურატურისადმი მიმართვას, რომ გადახედოს საკითხსო, მე ვფიქრობ, რომ პროკურატურის თავზე ნელ–ნელა ღრუბლები იყრება და ვიტყოდი, რომ საფუძვლიანად იყრება ეს ღრუბლები.  მე პოზიტიურად ვაფასებ პრემიერის დღევანდელ განცხადებას იმიტომ, რომ როდესაც სამართლიანობაზე გაქვს პრეტენზია, როცა პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ წამება და ძალადობა არ უნდა იყოს და თან შერჩევით სამართალზეც ამბობ, რომ არ იქნება, ბედუკაძე ლაღად არ უნდა დადიოდეს. ბედუკაძე რაღაც სახედ იქცა, თუ დააკვირდებით შეხვედრები რომ იმართება, პრეზიდიუმში ზის ხოლმე და მე რომ მკითხოთ, კედელ–კედელ უნდა დადიოდეს მისი წარსულის მქონე ადამიანი. პრემიერი სწორი იყო, როცა მან ეს განცხადება გააკეთა და ძალიან კარგი იქნება თუ ამ განცხადებას მოყვება შედეგი”, – აღნიშნა კაციტაძემ.

 

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს ციხეში პატიმართა წამების საქმეზე პროკურატურის მიერ რამდენიმე ბრალდებულთან გაფორმებული საპროცესო გარიგების თაობაზე, რის შედეგადაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით ბრალდებულებს მკვეთრად მსუბუქი სასჯელები განესაზღვრათ, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე საერთოდ გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ივანიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო პატიმრების წამებისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის არაერთ ფაქტზე ბრალდებული ბედუკაძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც მე მოგვიანებით, საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისგან შევიტყვე. ამ უკანასკნელებმა მთხოვეს, შემეფასებინა ეს გადაწყვეტილება და მე დავპირდი, რომ დეტალური შესწავლის შემდეგ გავაკეთებდი განცხადებას და გამოვხატავდი ჩემს პირად დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.

 

პირადად მე არც ერთხელ არ ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ რაიმე ფორმით ჩავერიო პროკურატურის საქმიანობაში. ცხადია, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლობის ის უპრეცედენტო ხარისხი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მიენიჭა პროკურატურას, თეორიულად, შესაძლოა, შეიცავდეს გარკვეული შეცდომების დაშვების საფრთხეებსა და რისკებს, მაგრამ დღესაც მტკიცედ მჯერა, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის საჯარო ინტერესი ბევრად აღემატება იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მოჰყვეს არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

 

რაც შეეხება ბედუკაძის საქმეს, მე გავეცანი ყველა იმ არგუმენტს, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას და მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ პირადად ჩემთვის ისინი არასაკმირისი და არადამაჯერებელია. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის.

 

ამასთან ერთად, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა ამ საქმის სხვა ფიგურანტების მიმართ გამოჩენილმა ლოიალურობამ, რამაც, ჩემი აზრით, არაადეკვატურად ლმობიერ განაჩენებში ჰპოვა ასახვა.

 

მიმაჩნია, რომ ეს დაუშვებელია, მითუმეტეს, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, დამკვიდრებული იყო ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების მუდმივი პრაქტიკა. ჩემი შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები ხელს შეუშლის მომავალში ამ უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის მიმართულ ძალისხმევას.

 

მინდა ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია მას პირადად მივმართო, – კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *