გია თევდორაძე აცხადებს, რომ ეპარქიისთვის მიწის გადაცემა მოსახლეობის დაკვეთა იყო:
„ასეთი პროცედურული მომენტი არსებობს, რომელსაც ხელს აწერს იმ უბნის და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და მინდა ვთქვა, რომ უმეტეს შემთხვევაში შემოდიოდა წერილები და განცხადებები, რომლებსაც ხელს ასეული ადამიანიც კი აწერდა. კანონში არის მითითებული, კონკორდატის შეთანხმების საფუძველზე, თუ არ ვცდები, რომ ამ შემთხვევაში თვითმმართველობას ჰქონდა დისკრეციული უფლება, რომ გარკვეული მიწის ნაკვეთი გადაეცა ეპარქიისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ჩვენი მოსახლეობის ნება–სურვილი და ზოგადად მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ მსგავსი კერების გაჩენა ჩვენი ერის სულიერებას შეუწყობს ხელს, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, თუკი ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში კანონთან, თუ არ მოდიოდა წინააღმდეგობაში ვინმეს კერძო საკუთრებრივ ინტერესებთან, იყო რამოდენიმე შემთხვევა, როცა მიწა გადავეცით ეპარქიას.“
მისივე განმარტებით, მერიაში განცხადება მიტროპოლიტ კალისტრატესაც აქვს შეტანილი:
„ერთიანი წერილი რომ იყო, სასულიერო პირების მომართვაც არსებობდა, არსებობდა იგივე ქუთათელ–გაენათელის მომართვაც, მაგრამ აუცილებლად ეგეთი ფორმა იყო, ამ მომართვას მოსახლეობის განცხადება და წერილი ახლდა თან, რადგან რაკი ის ტერიტორია უნდა გადაცემოდა, ისედაც კანონი ითხოვს ამას, იმ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პოზიცია უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული. სხვა შემთხვევაში არ ხდებოდა ამის გადაცემა და ჩემი მერობის პერიოდში მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას, რომ მოსახლეობას მცირედი პროტესტის გრძნობა და განცდაც კი ჰქონოდათ, თუ რატომ მიეცა მიწები ეკლესიას.“
რაც შეეხება ეპარქიისთვის თანხების გადაცემას, თევდორაძე ამბობს, რომ ბიუჯეტში ყოველწლიურად 40 ათასი ლარია ამისთვის გამოყოფილი:
„40 ათასი არის ბიუჯეტში ყოველწლიურად გამოყოფილი. თუ არ ვცდები, ერთხელ მოხდა დამატებით გამოყოფა. წმინდა ნიკოლოზის სახელობის სააავადმყოფოს, რომელიც ეპარქიის საკუთრებაა, სახურავის პრობლემა ჰქონდა და შევუკეთეთ, რაც ისევ და ისევ მოსახლეობის ინტერესებს ემსახურებოდა, რადგან ეს საავადმყოფო, ფაქტობრივად, ძალიან იაფია დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის და იქ ბევრ სოციალურად შეჭირვებულ და ხელმოკლე ოჯახს გასწევია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამის წერილი არსებობდა და მაშინ თვითმმართველობის წარდგინებით საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ თანხა დაემატებინა იმისათვის, რომ საავადმყოფოში მისული ადამიანებისათვის უკეთ მომსახურების შესაძლებლობა ყოფილიყო.”
ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ ეპარქიის დახმარება სწორია:
„მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება და, ზოგადად, სწორი არის ეპარქიის დახმარება ისეთ საქმეებში, ისეთ თემებში, რომელიც ჩვენი ერის სულიერებასთან და მის საჭიროებებთან არის დაკავშირებული.“
რაც შეეხება სოციალურ ქსელში მომხმარებლების ერთი ნაწილის გამოთქმულ ეჭვს, რომ ეპარქიის დაფინანსება შესაძლოა მეუფე კალისტრატეს პრეზიდენტისადმი ღიად გამოხატულ მხარდაჭერას უკავშირდებოდეს, თევდორაძე ამბობს, რომ ამ ადამიანებმა, პირველ რიგში, საკუთარ ნამუსს მოკითხონ და ღმერთიც მოკითხავთ:
„მე თქვენი გამოცემის საშუალებით მინდა ჩემი კეთილგანწყობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავადასტურო მეუფე კალისტრატეს და, ზოგადად, ქუთათელ–გაენათელის მიმართ. მეუფე არის თითოეული ჩვენგანის სულიერი მამა. თუ ამ ადამიანებს ის აქვთ მხედველობაში, რომ პრეზიდენტს ჰქონდა ხშირი ვიზიტები ბაგრატში, გელათში და, ზოგადად, ქუთაისში და მეუფეც შესაბამისად ხვდებოდა, უბრალოდ საკუთარ თავს კითხონ და იყვნენ შედარებით ობიექტურები მაინც, არის თუ არა მკაცრად განსჯის ღირსი ის მეუფე და პრეზიდენტი, რომელიც ბაგრატს აღადგენს და ქუთაისს ყურადღებას მიაქცევს?“
თევდორაძე მიიჩნევს, რომ ასეთი პოზიცია ძალიან მკრეხელურია:
„მე ვფიქრობ, რომ ისევ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისა პოზიციაა, ძალიან მკრეხელური პოზიციაა და თითიდან გამოწოვილი არგუმენტია.”
იმის მიუხედავად, რომ მეუფე კალისტრატეს არაერთხელ საჯაროდ დაუფიქსირებია პრეზიდენტისადმი საკუთარი სიმპათიები, თევდორაძე ამტკიცებს, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი პოლიტიკურად ნეიტრალურია:
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მეუფე კალისტრატე არის პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი და მისი პოლიტიკური შეხედულებები არანაირ გავლენას არ ახდენდა ჩვენს აქტივობებზე ეპარქიასთან თანამშრომლობის მიმართულებით. მე მიმაჩნია, რომ ქონების გადაცემა იყო ჩვენი მოქალაქეობრივი, ზნეობრივი და ერთგვარად მამულიშვილური ვალიც, რომ ეპარქიას დავდგომოდით გვერდით.“
ქუთაისის მერიამ საპატრიარქოს 2012 წლის ივნისსა და ივლისში გადასცა ორი მიწის ნაკვეთი (საერთო ჯამში, დაახლოებით 5200 კვადრატული მეტრი) გადაეცა, 2011 წელს – ერთი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა, 2010 წელს – 10 მიწის ნაკვეთი (საერთო ჯამში, 10 790 კვადრატული მეტრი), 2009 წელს – 2 მიწის ნაკვეთი, 2008 წელს – 5 მიწის ნაკვეთი (საერთო ჯამში, 10 416 კვ.მ). 2007 წელს საქართველოს საპატრიარქოს უფასოდ საკუთრებაში გადაეცა 2 მიწის ნაკვეთი, 2006 წელს – 1 მიწის ნაკვეთი, 2003-04 და 2005 წლებში – ასევე, თითო-თითო მიწის ნაკვეთი, ხოლო 2002 წელს – 2 მიწის ნაკვეთი.
