„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC)“ მიიჩნევს, რომ სოფელ ზვარეში შპს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” საწარმოში დასაქმებულებს კანონი არ იცავს.

EMC მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო და აღსრულების მექანიზმების არაეფექტურობა ვერ უზრუნველყოფს დამსაქმებელთა საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულებას, სამუშაო ადგილებზე შრომის პირობების კანონთან შესაბამისობაში მოყვანასა და საწარმოო საფრთხეებისაგან დასაქმებულთა დაცვის გარანტირებას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს დასაქმებულთა მძიმე სოციალურ ყოფას და დამსაქმებლების მხრიდან გამოვლენილი უპატივცემულო დამოკიდებულებისა და  საფრთხის შემცველი გარემოს პირობებში ტოვებს მათ.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოს, გააძლიეროს შრომის უფლებების დაცვის მექანიზმები მათი ეფექტური მუშაობისათვის, რაც უზრუნველყოფს საწარმოს მხრიდან საკუთარი უფლება-მოვალეობების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, მშრომელთა უფლებების დაცვას და  საწარმოო ტრავმების შედეგად სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების მზარდი შემთხვევების თავიდან აცილებას, აცხადებს ორგანიზაცია.

EMC მიიჩნევს, რომ სუსტი და არაეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში სახელმწიფო ვერ ახერხებს დასაქმებულთა შრომის უფლებების დარღვევის თავიდან აცილებასა და შრომითი კანონმდებლობის შელახვის მწვავე შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას. მიუხედავად კონკრეტული დარღვევების სიმწვავისა, სახელმწიფო რჩება ფორმალური პროცედურების ჩარჩოში, შედეგად კი, შრომითი დარღვევების არაერთი შემთხვევა კვლავ გადაუჭრელია.

ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე 100-მდე დასაქმებულმა, საფრთხის შემცველი შრომის პირობებისგან თავის დაცვის მიზნით, 2016 წლის 8 აგვისტოს, გვირაბის აფეთქების შემდეგ, უარი განაცხადა სამუშაოს გაგრძელებაზე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა მედიაციის დაწყების მოთხოვნით.

დასაქმებულების მოთხოვნებს შორისაა: უსაფრთხო სამუშაო პირობების გარანტირება და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებების დარღვევის აღკვეთა, მათ შორის, სამუშაო საათების კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვა, წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, სპეცტანსაცმლითა და დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოების დაცვა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გამო დასაქმებულები იძულებული ხდებიან, დათანხმდნენ სამუშაოს ოჯახისგან მოშორებით, უმძიმესი სამუშაო გარემოსა და მცირე ანაზღაურების პირობებში. მათი ხელფასის დიდი ნაწილი ადგილზე ცხოვრების ხარჯებს ხმარდება, დარჩენილი, მცირე ნაწილი კი- ოჯახების გამოკვებას. მძიმე სოციალურ ფონის გარდა,  მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს უმძიმესი შრომის პირობები: დასაქმებულებს არ ეძლევათ კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულება, დღეში 12 საათამდე სამუშაო რეჟიმის მიუხედავად არ აქვთ დასვენების დღეები, რის გამოც ხშირად თვეების მანძილზე ვერ ახერხებენ ოჯახების მონახულებას; არ უნაზღაურდებათ ზედმეტად ნამუშევარი საათები, არ არის უზრუნველყოფილი კვება და სანიტარულ-ჰიგიენური კვანძების მოწესრიგებული ფუნქციონირება. რთულია კომუნიკაცია ადმინსტრაციასთან, რადგან ისინი დასაქმებულთა მიმართ უპატივცემულობას იჩენენ. ასევე, უცხოენოვან დამსაქმებელთან ენის ბარიერი კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას, რადგან ხშირად გაუგებარია, რა საფუძვლით ტარდება მათ მიმართ კონკრეტული დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმები.

EMC აცხადებს, რომ მძიმე შრომის პირობების არსებობასა და შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებს ადასტურებენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებიც.

კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უფლებადაცვითი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულთა უფლებების ეფექტურ დაცვას. სოფელ ზვარეში საწარმოს შესამოწმებლად ჩასულმა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მხოლოდ მათი მიზნის- შრომითი ექსპლუატაციის პრაქტიკის არსებობის შემოწმების დასაბუთების შემდეგ შეძლეს ობიექტზე შესვლა. აღნიშნული მიუთითებს არსებული კანონმდებლობის ხარვეზებზე, რომლის თანახმად, დამსაქმებლის თანხმობის გარეშე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს არ შეუძლია საწარმოში შესვლა შრომის პირობების ინსპექტირების განსახორციელებლად, აცხადებს EMC.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ დავის გადასაჭრელად საქმეში ჩართულ მედიატორთან ერთხელ შეხვედრისა და შემდგომ სატელეფონო კონსულტაციის მიუხედავად, ამ დრომდე დაუკმაყოფილებელი რჩება დასაქმებულთა ძირითადი მოთხოვნები. ადმინისტრაციის მხრიდან მხოლოდ სამუშაო პირობების გამოსწორების ზეპირი პირობაა გაცემული. დამსაქმებელი უარს აცხადებს გასცეს წერილობითი გარანტიები, კანონიერების ფარგლებში, საფრთხის შემცველ სამუშაოს გაგრძელებაზე უარის თქმის გამო დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების წინააღმდეგ. დასაქმებულები კი მიუხედავად საფრთხის შემცველი გარემოს უცვლელობისა  იძულებულნი არიან განაახლონ სამუშაო პროცესი.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *