თბილისის სააპელაციო სასამართლო ეხმაურება ტელეკომპანია ,,რუსთვი2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსამართლე შორენა ყაველაშვილს სამოქალაქო საქმეების განხილვის უფლებამოსილება არ აქვს და აცხადებს, რომ ეს ინფრომაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

სასამართლოს განცხადებით, შორენა ყაველაშვილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს სამოქალაქო სამართლის სრული 18-თვიანი კურსი.

დღეს, 9 ივნისს, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე დავის “ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ” განმხილველი კოლეგიის ერთ-ერთ მოსამართლეს, შორენა ყაველაშვილს სამოქალაქო სამართალში კვალიფიკაცია არ აქვს. გვარამიამ საკუთარ განცხადებას დოკუმენტები დაურთო, სადაც საუბარია, რომ შორენა ყაველაშვილს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართალში აქვს ჩაბარებული.

სააპელაციო სასამართლო კი აცხადებს, რომ უსაფუძვლოა მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება  მოსამართლე შორენა ყაველაშვილს არ ჰქონდა:

“მოსამართლე შორენა ყაველაშვილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს სამოქალაქო სამართლის სრული, 18-თვიანი კურსი და, შესაბამისად, წარმატებით აქვს ჩაბარებული გამოცდები, რითაც დასტურდება მისი უნარები სამოქალაქო სამართალში. გარდა ამისა, მოსამართლე ყაველაშვილი წლების განმავლობაში სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებს სწორედ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და განხილული აქვს 1000- ზე მეტი სამოქალაქო საქმე.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მას საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სისხლის სამართლის სპეციალობით, განვმარტავთ, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს არავითარი შეზღუდვა, მოსამართლემ განიხილოს სხვა სპეციალობის საქმე. მოსამართლე შორენა ყაველაშვილის მონაწილეობა რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოები ხშირად განიცდიან მოსამართლეთა სიმცირეს, აღნიშნული პრაქტიკა წლების მანძილზე გამოიყენება სამივე ინსტანციის სასამართლოებში და წარმოადგენს, ფაქტიურად, ერთადერთ საშუალებას, თავიდან იქნას აცილებული საქმეთა განხილვის მნიშვნელოვანი გაჭიანურება,”- აცხადებს სასამართლო.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 7 ივნისს დასრულდა. რუსთავი 2-ის სააპელაციო სარჩელზე, რომელიც ტელეკომპანიის წილების საქმეს ეხება, გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ, 10 ივნისს, 10 საათზე გამოაცხადებს.

პირველის ინსტანციის სასამართლომ რუსთავი 2-ის წილები ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ სააპელაციო წესით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *