საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსლეში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

“საქართველო არსებითად ხელს უწყობს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ დგანან ნატოსთან ერთად წლების განმავლობაში, გამორჩეულ როლს ასრულებენ ჩვენს ოპერაციებში. ამჟამად საქართველო არის მესამე უდიდესი კონტრიბუტორი ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ამისთვის გიხდით უდიდეს მადლობას და ასევე ქართველ ხალხს ვუხდი მადლობას საქართველოს მიერ ნატო-ს ოპერაციებში და მისიებში შეტანილი მტკიცე წვლილისთვის. საქართველომ ასევე განახორციელა შთამბეჭდავი თავდაცვითი რეფორმები და თქვენ დაამყარეთ უფრო მწიფე დემოკრატია.  ამდენად, საქართველო უფრო დაუახლოვდა ნატოს და ჩვენ მზად ვართ, ამაში დაგეხმაროთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ნატოს გენერალური დირექტორის თქმით, ნატო–საქართველოს ერთობლივი გადამზადების და შეფასების ცენტრი თბილისში კარგად მუშაობს.

‘დაახლოებით ნატოს 30 ექსპერტი იმყოფება საქართველოში, რომლებიც თქვენს ქვეყანაში, თავდაცვის სფეროში, მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში გეხმარებიან და ამით მეტი წვლილი შეაქვთ. ამდენად, ნატო ერთგული რჩება დაგეხმაროთ, რათა გააძლიეროთ უსაფრთხოება და განახორციელოთ რეფორმები.

მომდევნო თვეში, ვარშავის სამიტზე ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ მხარდაჭერის პაკეტს საქართველოს მიმართ. რაც ნათელი დადასტურება იქნება ჩვენი ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *