საზოგადოება

რა წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში სააკაშვილის მოთხოვნაზე

11 ნოემბერი, 2021 • 5552
რა წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში სააკაშვილის მოთხოვნაზე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნაზე, სახელწოდებით „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება მხარეებს გაუგზავნა.

მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში წარმოადგენენ ადვოკატები: თამთა მურადაშვილი, დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია.

„სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით გადაწყვიტა, რომ  განმცხადებლისთვის (მიხეილ სააკაშვილისთვის) შიმშილობის შეწყვეტა მოეწოდებინა.

სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას (სასამართლოს) უნდა აცნობოს აპლიკანტის (მიხეილ სააკაშვილის) ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის შესახებ) და (მთავრობამ) უნდა უზრუნველყოს საპყრობილეში ყოფნისას მისი უსაფრთხოება და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი პერიოდისას.

მხარეთა ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ 39-ე მუხლით გათვალისწინებული ზომების შეუსრულებლობამ, შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა.

ამასთან დაკავშირებით ნახსენებია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ მამატკულოვისა და ასკაროვის საქმეებზე 2005 წლის 4 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების 128-ე და 129-ე პარაგრაფები, ასევე, ამავე საქმის სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე პუნქტი.

სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, 41-ე მუხლის თანახმად, აპლიკაციას პრიორიტეტი მიანიჭოს“, – წერია სასამართლოს მიერ მხარეებისთვის გაგზავნილ წერილში.

39-ე მუხლით განსაზღვრულ ზომებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ სასამართლომ  ორივე მხარისგან მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება.

ინფორმაციის წარსადგენად მხარეებს ვადა 24 ნოემბრამდე მიეცათ.

“სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი” – რატი ბრეგაძე 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი, რომლის მოთხოვნაც, მისი თქმით, ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითვალისწინებდა.

„საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ ამავე თარიღში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.

სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა.

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე“, – წერს რატი ბრეგაძე საკუთარ განცხადებაში.

“სასამართლომ დააკმაყოფილა დროებითი ღონისძიების მოთხოვნა” – ნიკა გვარამია 

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ გაგზავნილი მოთხოვნა.

„მიხეილ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე, მხარეებს მოგვეცა გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად. საქმის განხილვა მოხდება სწრაფად.

მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ამ ფაქტით აღიარებს იმას, რომ სააკაშვილი შიმშილობს.

სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს ამჟამინდელი ღონისძიება და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა ციხის დაწესებულებაში.

სასამართლომ დაავალა მთავრობას, რომ ის ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და მკურნალობა და ასევე შეახსენა ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მისი ადეკვატური მკურნალობა, უსაფრთხოება უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი.

ჩვენ დაგვევალა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მივაწოდოთ ინფორმაცია.

სასამართლო ხელისუფლებას ახსენებს, რომ მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ სააკაშვილის სხვა ადვოკატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვერჩივნა, რომ პირდაპირი მითითება ყოფილიყო გადაყვანაზე, მაგრამ ასეთი რაღაცები პრაქტიკულად არ ხდება. ჩვენთვის მთავარი მიღწეულ იქნა, რომ სასამართლომ ეს აღიარა შიმშილობად და სახელმწიფო დაავალდებულა, რომ მიხეილ სააკაშვილს თმა არ უნდა ჩამოუვარდეს“, – განაცხადა გვარამიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი