სამხრეთ კავკასიის ამბები

ისტორიკოსთა ბრძოლა აფხაზეთში აფხაზობისთვის

17 იანვარი, 2018 • 6131
ისტორიკოსთა ბრძოლა აფხაზეთში აფხაზობისთვის

2017 წელს აფხაზმა ისტორიკოსმა იგორ მარიხუბამ გამოსცა წიგნი, სახელწოდებით „აფხაზეთის ისტორიის საკითხების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ.“ ავტორმა ოპონენტებს “გუშინდელი ქართველები” უწოდა და მათ “რეგიონალიზმის” მხარდაჭერაში დასდო ბრალი. ნაშრომმა აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში ნეგატიური განწყობები გამოიწვია.

ეხოკავკაზას ჟურნალისტი ვიტალი შარია აღნიშნავს, რომ მარიხუბას ნაშრომი წიგნის მაღაზიებში მალევე გაიყიდა. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ პროტესტის ნიშნად არ იყიდეს ნაშრომი, გააკეთეს მისი ქსეროქსი ან ინტერნეტში გაავრცელეს. მიზანი მარტივი იყო – ავტორს წიგნის გაყიდვიდან შემოსავალი არ ჰქონოდა. თუმცა ადამიანებს, ვინც აფხაზეთში არ ვცხოვრობთ, ზუსტად ამ უკანასკნელმა ქმედებამ მოგვცა საშუალება, აღნიშნულ ნაშრომს გავცნობოდით.

2017 წლის 5 დეკემბერს აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სპეციალური განცხადება გააკეთა წიგნის შესახებ:

„გამოცემა ძირითადად დამყარებულია მითებსა და გამოგონილ ფაქტებზე და არა არგუმენტირებულ დასკვნებზე. სახასიათოა, რომ ნაცვლად სერიოზული სამეცნიერო ანალიზისა და განზოგადოებისა ამა თუ იმ პოლიტიკური ფაქტისა, რომელიც ეხება აფხაზეთის უახლეს ისტორიას, წიგნის ავტორი არცთუ ისე იშვიათად მიმართავს მათ სუბიექტურ შეფასებას“.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე ,მოუწოდებდა  გულიას სახელობის აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტს, „გამოთქვას საკუთარი პრინციპული დამოკიდებულება აღნიშნული ანტიმეცნიერული გამოცემის გამო.“

წიგნის ავტორი იგორ მარიხუბა 1946 წელს გუდაუთის რაიონში დაიბადა. 1966 წელს სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი დაამთავრა, ხოლო 1971 წელს –  სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციით. 1970-იან წლებში აფხაზეთის სახელმწიფო დრამატურგიულ თეატრსა და აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში მუშაობდა.

ამჟამად იგორ მარიხუბა დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტში მუშაობს. მას აფხაზეთის ისტორიის შესახებ რამდენიმე წიგნი აქვს გამოქვეყნებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წიგნი აფხაზი ბოლშევიკის, ეფრემ ეშბას შესახებ, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა 1920-იანი წლების აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მარიხუბა ნაციონალისტი ისტორიკოსია, ის ცდილობს მსოფლიო ისტორიაში მიმდინარე პროცესების უმთავრეს ეპიცენტრად აფხაზეთი და აფხაზები წამოაჩინოს. მომხრეა თეორიის, რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე უწყვეტად სახლობდნენ აფხაზური ტომები. მისთვის აფხაზური ისტორიისა და კულტურის კვლევა არ არის მხოლოდ სამეცნიერო დისციპლინა, ის საკრალური საქმეა, რომელშიც ოდნავი „გადაცდომა“ ან „სხვაგვარი ინტერპრეტაცია“ სამშობლოს ღალატად აღიქმება. ის ასევე მწვავედ აკრიტიკებს აფხაზ მეცნიერებს, რომლებმაც დროული და მყისიერი რეაქცია არ გამოხატეს „ანტიაფხაზურ ქმედებებზე“.

2012 წელს გამოიცა ასევე სკანდალური წიგნი, რომელსაც ანონიმი ავტორი, ვინმე ჰასან გეჩბა წერდა.  აფხაზური საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა წიგნის ავტორად იგორ მარიხუბა მიიჩნია.

46-გვერდიანმა ტექსტმა აფხაზური საზოგადოება აღაშფოთა. მაშინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა წიგნზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ ის „წარმოადგენდა არაკეთილსინდისიერ მასალას, ისტორიული ფაქტების თვითნებურ ინტერპრეტაციასა და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებს“.

გეჩბას სახელით გამოქვეყნებულ წიგნში რამდენიმე ფაქტია მოცემული, რომელიც აფხაზური ნაციონალური ნარტივისათვის მიუღებელია. მაგალითად, აღნიშნულია, რომ 1919 წელს, საქართველოსთან ომის მიუხედავად, ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი გულია ქართულ მენშევიკურ პარტიაში შევიდა; რომ მას ჰყავდა მეგრელი ცოლი, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა მის პოლიტიკურ და ლიტერატურულ მსოფლმხედველობაზე საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ. ამავე წიგნში,ეფრემ ეშბაზე წერია, რომ მან არ იცოდა აფხაზური ენა. ეს ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული დეტალები აფხაზური საზოგადოებისათვის ძალიან სათუთი და სენტიმენტალურია, რადგან თითოეული ეს პიროვნება ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში შეფასებულია, როგორც ეროვნული გმირი და ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.

მარიხუბას უკანასკნელი წიგნი, ერთი მხრივ, მცდელობაა, დაამტკიცოს, რომ ის არ არის ჰასან გეჩბა, არანაირი კავშირი არა აქვს ამ წიგნთან. მეორე მხრივ, ის ცდილობს საზოგადოებას შესთავაზოს მისეული მიგნება, რომ წიგნის ავტორი რეალურად არის ალექსეი გოგუა, აფხაზი პოეტი და ლიტერატორი. მარიხუბას ძველი და კარგად ნაცნობი „მტერი“, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა თქვა, რომ ჰასან გეჩბა მარიხუბაა.

გამოცემული წიგნების შედეგად, ერთი მხრივ, საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი, მეცნიერთა შორის გამართული დისკუსია შორსაა სამეცნიერო სტანდარტებისგან და ეთიკის ნორმებისგან. თითოეული მხარე ცდილობს მის ირგვლივ შექმნას ერთგვარი ფრონტი ისტორიის ჭეშმარიტებისათვის ბრძოლაში.

აფხაზური ნაციონალური ისტორიოგრაფია აფხაზური ეთნოსის ერთიანობის დემონსტრირებას ცდილობს. ნაშრომებმა კი საჯარო სივრცეში გამოიტანა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც შიდასაზოგადოებრივ და პოლიტიკური ძალაუფლებისათვის ბრძოლაში არცთუ ის მცირე მნიშვნელობა ენიჭება. ეს არის დისკურსი „ბზიფელ“ აფხაზებსა და „აბჭუელ“ აფხაზებს შორის, ამ შემთხვევაში ბზიფელი აფხაზები საკუთარ თავს უპირატესად მიიჩნევენ. აბჭუელებად მიიჩნევიან სამურზაყანოს, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის მიდამოებში მცხოვრები აფხაზები. მარიხუბა მის ოპონენტ ალექსეი გოგუას, რომელიც ასევე აბჭუიდანაა, მისი გვარის გამო „ჰკბენს“  და უთითებს, რომ  ქართველი ისტორიკოსები გაგუებს მიიჩნევენ გააფხაზებულ ქართველ მეგრელებად, რომლებიც “გუშინდელი ქართველები” არიან.

აღნიშნული დისკუსიები დამახასიათებელია ჩაკეტილი და ტრავმირებული საზოგადოებისათვის, რომელშიც ერის სახელმწიფოდ ფორმირების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. თითოეული მოსაზრება, რომელიც დომინანტურ დისკურსში არ ჯდება, აღიქმება, როგორც მავნებლური და ამ ერის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული. დისკურსი სრულიად კონტროლირებადია და როგორც პოლიტიკური, ასევე ინტელექტუალური ელიტის წნეხს განიცდის. აქ ჯერ კიდევ არსებობენ ეთნოსის “სუფთა” და “ნახევარფაბრიკატი” წარმომადგენლები. ამას ემატება ისიც, რომ აფხაზური ისტორიოგრაფია სრულიად ნაციონალიზებულია და იქ მხოლოდ ერთი „გმირი აფხაზური ეთნოსი“ უნდა ჩანდეს, რომელიც როგორც „პოლიტიკურად“, ასევე „გენეტიკურად“ კრისტალურად სუფთაა.

სოხუმი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი, მარიანა კოტოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი