კომენტარი

ანდრო ბარნოვი ხელისუფლების ახალ სტრატეგიაზე

28 იანვარი, 2010 • 2398
ანდრო ბარნოვი ხელისუფლების ახალ სტრატეგიაზე

ბატონო ანდრო, კიდევ ვინ იღებდა მონაწილეობას სტრატეგიის შემუშავებაში?

– ძალიან ბევრი ადამიანი. ამ სტრატეგიის შემუშავება მოხდა თავიდან ბოლომდე კონსულტაციებით; ბევრი ხალხი იყო ჩართული და გრძელდებოდა ორ თვეზე მეტ ხანს.

დოკუმენტის სათაურში ფიგურირებს ტერმინი “ოკუპირებული ტერიტორიები”. როგორც ცნობილია, ქართული მხარე აპირებს ეს დოკუმენტი აფხაზურ და ოსურ მხარესაც მიაწოდოს. თქვენი აზრით, გამოიწვევს თუ არა ეს ტერმინი მათ გაღიზიანებას, რადგან  ისინი თვლიან თუ არა თავს ოკუპირებულად, უცნობია.

– ვფიქრობ, თუ წაიკითხავენ დოკუმენტს, გაღიზიანების საფუძველი ნამდვილად არ ექნებათ იმიტომ, რომ მთელი ამ დოკუმენტოს პათოსი,  სტრატეგია, მოწოდებულია იმისაკენ, რომ ამაღლდეს ამ ხალხის ცხოვრების პირობები, დასრულდეს მათი იზოლაცია და აღდგეს თანამშრომლობა დანარჩენ საქართველოსთან.

თქვენ ფიქრობთ, რომ სათაური ხელს არ შეუშლის დოკუმენტის შინაარსს?

– თუ წაიკითხავენ, რა თქმა უნდა ხელს არ შეუშლის და თუ არ წაიკითხავენ და მხოლოდ სათაურით იხელმძღვანელებენ, მაშინ ამ დოკუმენტზე სერიოზული მსჯელობა არ გამოუვათ.

აქამდე აქცენტი ტერიტორიების დაბრუნებაზე კეთდებოდა. ახლა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზეც კეთდება აქცენტი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მთავრობის პრიორიტეტები შეიცვალა?

-არა, აქცენტი კი არ კეთდებოდა, ეს არის რაღაც ტერმინი, რიტორიკის დონეზე., თორემ ტერიტორიები ხალხის გარეშე არასოდეს არავის ნდომებია. ჩვენ ასე არ უნდა ვთქვათ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. უბრალოდ, უფრო დაიხვეწა, ჩემი აზრით, ახლა ეს სტრატეგია და კეთდება სრულიად რეალისტური და სწორი აქცენტები.

დოკუმეტში წერია, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია ამ ტერიტორიებზე მცხოვრები  მოსახლეობისათვისაც იქნება უკეთესი. აფხაზეთისა და სამხრეთ  ოსეთის მოსახლეობას თუ არ უნდათ ინტეგრაცია?

– რას ნიშნავს არ უნდათ?

საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, როდესაც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ინტეგრაციას, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრი უცნობია.

– ასი პროცენტი რომ იყოს წინააღმდეგი, დავუშვათ, ცხინვალის მოსახლეობისა, თქვენი აზრით, ეს პროცენტულ მონაცემებში რას შეცვლიდა?

არ ვიცი, ექსპერტი თქვენ ბრძანდებით

– არა, ექსპერტი რა შუაშია. ეს არის არითმეტიკა. 20 ათას კაცს რისი შეცვლა შეუძლია 5 მილიონ კაცში, თქვენი აზრით? ასე ნუ აყენებთ საკითხს. არსებობს ქვეყნის დამოუკიდებელი ნაწილი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკა, არსებობს ქვეყნის ოკუპირებული ნაწილები, რომელსაც თავიანთი თავისუფალი დამოუკიდებელი პოლიტიკა არ გააჩნია. როდესაც დამოუკიდებელი საქართველო გააღრმავებს თავისი ინტეგრაციის ხარისხს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში, ეს სასიკეთოდ წაადგება ამ რეგიონების მოსახლეობას.  სამწუხაროდ, სწორედ იმიტომ, რომ ეს რეგიონები არის ოკუპირებული, ამ მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ვერ ხერხდება. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ძალით ჩამოაშორა ამ პროცესს ისინი, არამედ იმიტომ, რომ ისინი არიან ოკუპირებული. ინტეგრაციის ხარისხი ამ რეგიონებისა დანარჩენ საქართველოსთან დაბალია.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება, როგორც გამოდევნილი სუვერენი, ხაზს უსვამს საკუთარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, მჭიდროდ ითანამშრომლოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან.  და რაც შეეხება ამ მოსახლეობის მიერ არჩეულ მთავრობას?

– რომელი არის ამ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა? აი, მაგალითად აფხაზეთის მოსახლეობამ მოახერხა აერჩია საკუთარი ხელისუფლება? პრიორიტეტი იქნება ურთიერთობა ხალხთან, მოსახლეობასთან. თუ დღევანდელი დეფაქტო მაკონტროლებელი ადმინისტრაციები ამ პროცესს მიესალმებიან, ბუნებრივია, მათთან იქნება ურთიერთობა. თუ ისინი ეცდებიან, რომ რუსეთს ემსახურონ მხოლოდ და არაფერზე არ იფიქრონ, მათთან უბრალოდ არ გამოვა ურთიერთობა.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ ქვეყნის ხელისუფლება იტოვებს უფლებას, მიმართოს ყველა შესაძლო ადგილობრივ თუ საერთაშორისო მექანიზმს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ამჟამად მცხოვრები და ამ რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის საკუთრების უფლებების დასაცავად. როგორ უნდა მოხდეს უფლების დაცვა, თუ იქიდან გამოდევნილი ლტოლვილების ქონება დასაკუთრებული აქვს იქ დარჩენილ მაცხოვრებელს?

– ეს  ძალიან რთული საკითხია და სპეციალური ექსპერტიზა სჭირდება. მე არა ვარ ამის სპეციალისტი. თუმცა, არის ხალხი, ვინც ამით არის დაკავებული და მათ იციან ეს მეთოდები.

როგორი იქნება საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე და აფხაზეთში ომის შემდეგ ჩასახლდნენ?

– მე ვფიქრობ, თუ რამე კანონიერი საფუძველი აქვს მათ იქ ყოფნას, ისინი იქნებიან ჩვეულებრივად, როგორც მოსახლეობა რეგიონისა. თუ მტაცებლობით აქვთ მითვისებული ქონება, ბუნებრივია, ეხლა ამაზე ვერ იქნება საუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი