ახალი ამბები

პროკურატურა: მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 3 ბინა და 1 საოფისე ფართი დაუბრუნდებათ

7 მარტი, 2016 • 2028
პროკურატურა: მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 3 ბინა და 1 საოფისე ფართი დაუბრუნდებათ

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 3 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი დაუბრუნდებათ.

პროკურატურის ცნობით, მარინე მამაცაშვილს, მერაბ ლურსმანაშვილს, ნუგზარ ბარბაქაძეს და მარინე რუაძეს დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული წყნეთის გზატკეცილ 39-ში მდებარე 150 000 დოლარამდე ღირებულების 166 და 87 კვადრატული მეტრი ორი საცხოვრებელი სახლი.

გამოძიების ცნობით, 2010 წლის 6 სექტემბერს მთავარ პროკურატურას  დაკავებული ჰყავდა სამშენებლო კომპანია ,,მშენებელი XXI საუკუნის“ დირექტორი და დამფუძნებელი მერაბ ლურსმანაშვილი და ნუგზარ ბარბაქაძე, რომელთაც ედავებოდნენ მშენებლობის პროცესში ამხანაგობის კრების ოქმის გაყალბებას და მათ უკანონოდ გამოყენებას.

გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პროკურატურაში დაიბარეს დაკავებული მშენებლების, ნუგზარ ბარბაქაძისა და მერაბ ლურსმანაშვილის მეუღლეები – მარინე რუაძე და მარინე მამაცაშვილი, რომლებსაც განუცხადეს, რომ თუ სურდათ მათ მეუღლეებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ამისთვის აუცილებელი იყო უსასყიდლოდ დაეთმოთ წყნეთის გზატკეცილ 39-ში მდებარე მათ კანონიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნუგზარ ბარბაქაძეს და მერაბ ლურსმანაშვილს დიდი ხნით მოუწევდათ ციხეში ყოფნა, აცხადებს პროკურატურა.

არაერთი გამოძახების შემდეგ მარინე რუაძე და მარინე მამაცაშვილი იძულებული გახდნენ, დათანხმებოდნენ პროკურატურის უკანონო მოთხოვნას და სახელმწიფოს სახელზე გადააფორმეს მათ საკუთრებაში არსებული ბინები, აცხადებს პროკურატურა.

გამოძებიების ცნობით, მხოლოდ ამის შემდეგ პროკურატურამ ბრალდებულებთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, სადაც არ იქნა ასახული შეთანხმების ,,ჩრდილოვანი პირობა“ – ბინების დათმობა, ბრალდებულებს განესაზღვრათ პირობითი მსჯავრი, დაეკისრათ ჯარიმები და მათ დატოვეს საპატიმრო დაწესებულება. უკანონოდ ჩამორთმეული ბინები კი აღირიცხა პროკურატურის და თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე.

“გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენ მიერ ბინების ჩამორთმევაში მხილებული ყოფილი პროკურორის მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად კი გამოძიება გაგრძელდება პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიმართ”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ კიდევ ერთი დაზარალებული მოქალაქის, რამაზ თოთლაძის საკითხი შეისწავლა. რამაზ თოთლაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 05 ივლისს უსაფუძვლოდ დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის და სასჯელად განუსაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით და ჩამოართვა საცხოვრებელი ბინა და საოფისე ფართი.

უწყების ცნობით, 2016 წლის 14 იანვარს პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა რამაზ თოთლაძის რეაბილიტაცია – მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი ბინის და საოფისე ფართის დაბრუნება.

პროკურატურის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და  დადასტურებულად მიიჩნია, რომ რამაზ თოთლაძეს ბრალდება უკანონოდ ედავებოდა საცხოვრებელი ბინის და საოფისე ფართის შეძენის გზით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რის საფუძველზეც მას ჩამორთმეული ჰქონდა ხსენებული უძრავი ქონებები, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 29 თებერვალს რამაზ თოთლაძის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, მოუხსნა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 ლარი.

პროკურატურა აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს, რათა დაზარალებულ მოქალაქეს რამაზ თოთლაძეს დაუბრუნდეს თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე დუპლექსის ტიპის 535 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინა და ამავე მისამართზე მდებარე 57,04 კვადრატული მეტრი საოფისე ფართი, რომელიც სახელმწიფო ბალანსზეა რიცხული და ნახევარ მილიონ ლარამდე ღირებულებისაა.

ოფიციალური ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად 5 დაზარალებულ მოქალაქეს პროკურატურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მთავრობის ერთობლივი მუშაობით დაუბრუნდებათ 1 მილიონ ლარამდე ღირებულების 3 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი.

მასალების გადაბეჭდვის წესი