ახალი ამბები

მუქთი ღვინო და 100 კგ ყველი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის აშშ–ში

18 მაისი, 2011 • 986
მუქთი ღვინო და 100 კგ ყველი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის აშშ–ში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს საელჩო აშშ–ში 24 მაისს გამართავს. საქართველოს ელჩის, თემურ იაკობაშვილის თქმით, საზეიმო მიღება ვაშინგტონში, პორტრეტების მუზეუმის ეზოში გაიმართება, რომელიც 5000 ადამიანზეა გათვლილი.

100 კგ ყველი, 35 კგ ნადუღი, თიკნის ხორცი, ღვინო – ასეთია იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალი, რომელთაც საელჩო საქართველოდან ავიარეისით სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის მიიღებს.

«ამ პროდუქტების შემოსატანად ყველა საჭირო ლიცენზია ავიღეთ», – ამბობს თემურ იაკობაშვილი.

ქართულ ტრადიციულ კერძებს 3 მზარეული მოამზადებს, რომლებიც საელჩომ 24 მაისისთვის სპეციალურად მიიწვია შეერთებულ შტატებში.

«მზარეულებს რესტორნები თავისი ხარჯებით უშვებენ, ღვინოსაც მუქთად გვიგზავნიან კომპანიები», – აცხადებს საქართველოს ელჩი აშშ–ში, რომელიც არ აკონკრეტებს, თუ რამდენი უჯდება საელჩოს საზეიმო ცერემონიის გამართვა და მხოლოდ იმას ამბობს, რომ «ხარჯების ნაწილი კორპორატიულია» .

იაკობაშვილის თქმით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის დღეს «პანაშვიდის» სტილში აღნიშნავენ, საქართველო პორტრეტების მუზეუმის ეზოში მიწვეულ სტუმრებს ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსთან ერთად, საკონცერტო ნაწილსაც შეთავაზებს.

«მოწვეული გვყავს «სუხიშვილები» და ჯგუფი «შინი». საქართველოს ჰიმნს სოფო ნიჟარაძე შეასრულებს,» – აცხადებს თემურ იაკობაშვილი.

ტრადიციული ქართული კერძებისა და საკონცერტო ნომრების გარდა, საქართველოს საელჩო მიწვეულ სტუმრებს 24 მაისს საჩუქრებსაც შეთავაზებს:

«სტუმრებს დაურიგდებათ 7 ქართული სადღეგრძელო, რომელიც დაწერილი იქნება როგორც ქართულად, ისე ქართული სიტყვები ინგლისური შრიფტით,» – აცხადებს თემურ იაკობაშვილი. მისივე თქმით, თითოეული სტუმრის სახელი და გვარი შესრულდება მხატვრების მიერ ბატიკაში ქართული ანბანით, რომლებიც სტუმრებს, ასევე, საჩუქრად გადაეცემა.

მიწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან– საპატიო კონსულები, ჟურნალისტები, 100 ამერიკელი საზღვაო ქვეითი, ქართველი სტუდენტები, რომლებიც განათლებას იღებენ აშშ–ს უნივერსიტეტებში, მათ შორის, სამხედრო სასწავლებლებში, აშშ–ში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

«მოკლედ, აქ იქნება მთელი აქაური და ნიუ–იორკული ბომონდი და სიტყვას არ ვათქმევინებთ პოლიტიკოსებს,» – ამბობს თემურ იაკობაშვილი.

საზეიმო ცერემონია ვიდეო–რგოლით გაიხსნება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მე–19 საუკუნის ბოლოს გურულების აშშ–ში მოგზაურობის ამსახველი კადრები. მიწვეულ სტუმრებს საქართველოს ელჩი ჩოხაში გამოწყობილი შეეგებება.

მასალების გადაბეჭდვის წესი