ახალი ამბები

დემოკრატიის გადატვირთვა [ფოტორეპორტაჟი]

16 მაისი, 2011 • 1699
დემოკრატიის გადატვირთვა [ფოტორეპორტაჟი]

„ქართულმა პარტიამ“ დღეს აშშ-ს საელჩოს წინ გამართულ აქციაზე აშშ-ს ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტოს საკაშვილის ხდელისუფლების მხარდაჭერა და მხარი დაუჭიროს ხალხს. პარტიის ლიდერებმა სპეციალური მიმართვა საქართველოში აშშ–ს ელჩ ჯონ ბასისთვის გადასაცემად საელჩოს დაცვის სამსახურს ჩააბარეს.

ლიდერების გამოჩენამდე აშშ-ს საელჩოსთან „ქართული პარტიის“ სახედახატული ახალგაზრდები გამოჩნდნენ, რომლებსაც სახეზე აშშ-ს დროშები ეხატათ და ეწერათ “Wake up America!(გაიღვიძე ამერიკა!)“. ისინი ჟურნალისტებთან კონტაქტს გაურბოდნენ და ამბობდნენ, რომ აპროტესტებენ ამერიკის მხარდაჭერას სააკაშვილის ხელისუფლებისადმი. „მეტს არაფერს არ ვიტყვით! – იყო მათი პასუხი ჟურნალისტების შეკითხვებზე. მოგვიანებით აქციაზე პარტიის ლიდერები – სოზარ სუბარი, ეროსი კიწმარიშვილი და ლევან გაჩეჩიკაძეც გამოჩდნენ. მათ თან მოჰყვნენ მხარდაჭერები, რომლებმაც მოიტანეს ტრანსფარანტები ობამას, ბუშის, მიხეილ სააკაშილის, გიგა ბოკერიას, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის გამოსახულებით.

„გაიღვიძე ამერიკა!“ „შეწყვიტე რეჟიმის მხარდაჭერა!“ „გადატვირთე დემოკრატია!“ -ამ და კიდევ სხვა მოწოდებებით გაფორმებული ტრანსფარანტებით ხელში „ქართული პარტიის აქტივისტები აშშ-ს საელჩოს წინ დაახლოებით 1 საათი იდგნენ.

აქციაზე გამოჩნდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“, „იმედის“ და „რეალ ტვ-ს“ საწინააღმდეგო პლაკატებიც. გარდა ამისა, „ქართული პარტიის“ აქტივისტთა ნაწილი ამ ტელეარხების ჟურნალისტებს კითხვებზე არ პასუხობდა და მათ უხეშად მიმართავდნენ.

სიტყვით გამოსვლისას სოზარ სუბარმა განაცხადა: „საკამრისია ერთი ძალიან მკაცრად ნათქვამი სიტყვა, ერთი გაფრთხილება, რომ არ იქნება ის დახმარება, რომელიც შეერთებული შტატებიდან მოდის, სააკაშილი ერთ დღეში გაანთავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ერთ დღეში „იმედი“ და „რუსთავი 2“ დაუბრუნდება თავის მფლობელს. ერთ დღეში იქნება სიტყვის თავისუფლება საქართველოში.“ მან ასევე მოუწოდა აშშ-ს ადმინისტრაციას: „მოვითხოვთ შეწყდეს ავტოკრატიის დაფინანსება და მხარდაჭერა. აშშ–ისგან და მთელი ცივილიზებული სამყაროსგან მოვითხოვთ, ნუ გაცვლიან დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, ადამიანის ღირსებას, ავღანეთში გაგზავნილ რამდენიმე ასეულ თუ ათას ჯარისკაცზე. ნუ დახუჭავენ თვალს საქართველოში დემოკრატიის არარსებობაზე.“

სოზარ სუბარის გარდა აქციაზე სიტყვით „ქართული პარტიის“ სხვა ლიდერი – ეროსი კიწმარიშვილიც გამოვიდა. მისი თქმით ისინი ოპოზიციაში დიდხანს ყოფნას არ აპირებენ.

„ჩვენ აქციების გამართვას ძალიან მალე დავამთავრებთ იმისათვის, რომ მალე ავაშენოთ წარმატებული ქვეყანა. გაყალბებული სოციოლოგიით, კონტროლირებადი მედიით, ტერორიზირებული სასამართლოთი, ბიზნესის დატერორებით, ჩვენ ვიღებთ სიტუაციას, სადაც ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება აღარ აქვს. ამიტომ არის დღეს ჩვენი პროტესტი აქ, რათა ვუთხრათ მათ: გაახილე თვალი ამერიკა! შეხედე რეალობას! დაუჭირე მხარი ხალხს და არა რეჟიმს.“

დღევანდელ საპროტესტო აქციაზე ყვარელში და ბათუმში გამართული აქციების მსგავსად არ გამოჩენილა „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი კოკა გუნცაძე. როგორც სოზარ სუბარმა განმარტა, „ის გამოჩნდება იმ დროს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის.“

აქციამ აშშ-ს საელჩოსთან ექსცესების გარეშე ჩაიარა, მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეიმჩნეოდა საელჩოს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სიმრავლე. აქციის მიმდინარეობისას ეროსი კიწმარიშვილმა არაერთხელ სთხოვა ჟურნალისტებს საელჩოს შენობა ტელე-ფოტოობიექტივში არ მოხვედრილიყო და პატივი ეცათ „უსაფრთხოების სამსახურისთვის.“

მასალების გადაბეჭდვის წესი