ახალი ამბები

მედიათეკების გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ არაეფექტური მუშაობის მოტივით დაითხოვეს

17 თებერვალი, 2016 • 2328
მედიათეკების გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ არაეფექტური მუშაობის მოტივით დაითხოვეს

თბილისის მედიათეკების გაერთიანების დირექტორმა, მაკო ჭოღოშვილმა “ნეტგაზეთთან’ საუბრისას განაცხადა, რომ მას გუშინ, 16 თებერვალს, თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა უთხრა, რომ არაეფექტური მენეჯერობის მოტივით დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ.

მაკო ჭოღოშვილის თქმით, მას ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტი გათავისუფლების შესახებ.

“ნეტგაზეთი” შეკითხვებით, თუ რა მიზეზით გაათავისუფლეს სამსახურიდან მაკო ჭოღოშვილი და ვინ იქნება მისი შემცვლელი – თბილისის მერიასაც დაიკავშირდა. მერიის წარმომადგენლის კომენტარს მისი მოპოვებისთავავე შემოგთავაზებთ.

მაკო ჭოღოშვლი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მისთვის გათავისუფლების რეალური მიზეზი უცნობია. თუმცა, იგი ასევე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ამის მიზეზი მისი წინა სამსახური ყოფილიყო. მაკო ჭოღოშვილი ნიკა რურუას კულტურის მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილე იყო.

მაკო ჭოღოშვილი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ის მიზეზი, რაც მერიაში განუცხადეს, რადგანაც მედიათეკა წამატებული დაწესებულებაა.

“დამიბარეს გუშინ ქალბატონ ნინა ხატისკაცთან და მომახსენეს, რომ ხვალ, მთავარობის სხდომაზე გამოვა მერის განკარგულება, რომლითაც ვიქნები გათავისუფლებული. მე ვიკითხე, ბუნებრივია, რა დავაშავე. მიპასუხეს, რომ ასეთი დარღვევა მედიათეკას არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხნის წინ მედიათეკაში იყო საკრებულოს სარევიზიო–საფინანსო კომისია, რომელის დასკვნაც ჩემთვისაც და მათთვისაც ცნობილია. გარდა ამისა, იყო მონიტორინგის სამსახური, რომელიც აქედან ძალიან კმაყოფილი წავიდა. შესაბამისად, ჩემთვის უცნობი იყო მიზეზი. მე ვიკითხე და მითხრეს, რომ კი, ნამდვილად თქვენ დიდი ღვაწლი მიგიძღვით მედიათეკის დაარსებაში, მის ფუნქციონირებაში, მაგრამ ახლა მედიათეკის უფრო ეფექტური მუშაობისთვის მიღებულ იქნა ასეთი გადაწყვეტილება,”– აცხადებს ის.

მაკო ჭოღოშვილის თქმით, მედიათეკის მომსახურებით დღეში საშუალოდ 400 ადამიანი სარგებლობს.

“განსაჯოს ჩვენმა მკითხველმა, მათთვისაც რომ ეკითხათ, თვლიან თუ არა საჭიროდ, რომ მედიათეკის მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს, მე მგონი ურიგო არ იქნებოდა,”– ამბობს მაკო ჭოღოშვილი.

მაკო ჭოღოშვილი მედიათეკს დაარსებიდან მისი დირექტორია. “თბილისის მედიათეკების გაერთიანება” მკითხველისთვის 2013 წლის 29 მარტს გაიხსნა. ამ დროისათვის ფუნქციონირებს ორი ფილიალი ვაკესა და ვარკეთილში. მედიათეკების გაერთიანების ვებ–გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ორივე შენობა ამავე უბნების პარკებშია განთავსებული და 2000-მდე წევრს აერთიანებს. სტატისტიკის მიხედვით ბიბლიოთეკაში ყოველთვიურად 100-მდე ადამიანი წევრიანდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი