ახალი ამბები

მერის მოადგილე: ენმ-ის აქციის შემდეგ მერიის ინფრასტრუქტურა განადგურდა

3 ოქტომბერი, 2017 • 2805
მერის მოადგილე: ენმ-ის აქციის შემდეგ მერიის ინფრასტრუქტურა განადგურდა

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის აქციის შემდეგ განადგურდა მერიის ინფრასტრუქტურა, რის გამოც მერიის ეტლით მოსარგებლე თანამშრომლები შენობაში დამოუკიდებლად ვერ შევიდნენ.

“გუშინდელი აქციის მსვლელობისას თავიდან ბოლომდე დაზიანდა მერიის შესასვლელი. სრულიად მოხდა განადგურება როგორც ნარგავების, ასევე, შესასვლელის ადაპტირებული ნაწილის. იყო დაძაბული სიტუაცია, დეტალები უნდა გავარკვიოთ. როდესაც ადამიანების ჯგუფი ცდილობს შენობაში შესვლას. რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები შეეცდებიან, რომ შენობა დაიცვან. აქედან გამომდინარე, დიალოგი საჭიროა. დარწმუნებული ვარ, ეს გზები მოინახება. გუშინდელი აქციის შემდეგ ვნახე ბევრი შედეგობრივად გაფუჭებული ინფრასტრუქტურა. დღეს ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის პირები, მერიაში ვერ შემოვიდნენ დახმარების გარეშე”, – განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ შეხვდა მერი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ხატისკაცი ამბობს, რომ თვითონ თბილისში არ იმყოფებოდა და ეს დეტალები არ იცის.

გუშინ, 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან ნაციონალური მოძრაობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს მერთან შეხვედრა სურდათ, რის შემდეგაც მათ სცადეს მერიის შენობაში შესვლა. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

აქცია შეეხებოდა თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თბილისში ორ მიწის ნაკვეთს ზონალური სტატუსი შეუცვალეს, რათა იქ მშენებლობა გახდეს შესაძლებელი. ორივე ნაკვეთის მიმართ ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას აქვს. საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება მერიის მიმართვის საფუძველზე მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი