ახალი ამბებიტექნოლოგიები

კომუნიკაციების კომისია ”მობიტელისა” და ”კავკასუსის” საკითხს 10 მარტს განიხილავს

9 თებერვალი, 2016 • 3053
კომუნიკაციების კომისია ”მობიტელისა” და ”კავკასუსის” საკითხს 10 მარტს განიხილავს

დღეს, 9 თებერვალს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „მობიტელისთვის“ (ბილაინი) შპს ”კავკასუს ონლაინის” საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

GNCC-ში გამართულ სხდომაზე გაირკვა, რომ ”კავკასუს ონლაინს” 86 მილიონი დოლარი (210 მილიონი ლარი) აქვს ვალი, რომლის გასტუმრებაც კომპანიას მძიმე ტვირთად აწევს. ”კავკასუს ონლაინის” მტკიცებით, კომპანია სწორედ ამიტომ გახდა იძულებული, რომ საცალო მომსახურების სეგმენტი გაეყიდა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით შპს ”მობიტელს“ აქტივების შესახებ დამატებით დაზუსტებული ინფორმაცია მოსთხოვა. როგორც რუსული კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი ამ ინფორმაციას კომისიაში სამი კვირის ვადაში წარმოადგენენ.

განმეორებით შპს ”მობიტელის” მიერ შპს ”კავკასუს ონლაინის” საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, კომუნიკაციები შესაძლოა სწორედ ამ რუსულმა ჰოლდინგმა”ვიმპელკომმა” შეიძინოს (ВымпелКом, რომლის ჰოლდინგშიც შედის ბილაინი). მისი თქმით, ეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ განმარტება აუცილებლად უნდა გააკეთოს. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღევანდელი სხდომის მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესახებ, რომლითაც საქართველო ევროპიდან ინტერნეტს იღებს.

”ჩვენი ფინანსური, ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, ასევე თავდაცვისთვის, ეს იქნება საგანგაშო. ეს იქნება პირდაპირი ხელყოფა ჩვენი უსაფრთხოების,” – განაცხადა ალასანიამ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპასთან საქართველოს დამაკავშირებელი ფოთი-ვარნის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ხაზი რუსეთში დაფუძნებულ ჰოლდინგ “ვიმპელკომზე” არ გაიყიდება. მისი თქმით, ტექნოლოგიების და გლობალური სისტემის პირობებში უსაფრთხოების რისკებს ვერ გამორიცხავს არათუ საქართველო, არამედ ნებისმიერი ძლიერი ქვეყანა, მაგრამ ”კავკასუს ონლაინისა” და ვიმპელკომის მოლაპარაკებებს ამ საკითხთან კავშირი არ აქვთ.

”ორივე შემთხვევაში მინდა დაგამშვიდოთ. გარანტიები, რომ არ ყოფილიყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრაული კაბელები, მათ შორის წყალქვეშა მაგისტრალური კაბელი გაყიდული, ამის გარანტია კომისიამ მოითხოვა 2015 წლის 13 ნოემბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც კომპანიებმა წარმოადგინეს ერთობლივი განაცხადი. წარმოდგენილი განაცხადი და დღევანდელი განხილვა ადასტურებს, რომ დღესდღეობით კომპანიებს შორის საუბარი არ მიმდინარეობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების გაყიდვის ნაწილზე, არამედ,მიმდინარეობს მხოლოდ საცალო სექტორის სეგმენტის გაყიდვის ნაწილზე. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ამაზე ცოტა მძიმე პასუხი მაქვს: ვერც დღევანდელ პირობებში და ვერც სამომავლო პირობებში უსაფრთხოების რისკებს ვერ გამორიცხავს არათუ საქართველო, არამედ ნებისმიერი ძლიერი ქვეყანა დღეს არსებული ტექნოლოგიების და გლობალური სისტემის პირობებში. თუმცა, რასაკვირველია, ამ რისკების შემცირება არის შესაძლებელი ამა თუ იმ ფორმით. ამ რისკების შემცირებაზე უნდა ზრუნავდეს სწორედ, ერთი მხრივ, სახელმწიფო, თავისი საკანონმდებლო ნორმების და მოთხოვნების გაძლიერებით. მეორე მხრივ, თავად კომპანიები, რომლებმაც ეს საკანონმდებლო ვალდებულებები უნდა აღასრულონ. დღეს გარკვეული მონაცემები და დოკუმენტაციები არ ჰქონდა წარმოდგენილი ერთ-ერთ კომპანიას, კონკრეტულად ”მობიტელს”. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის მათ მოითხოვეს 3-კვირიანი ვადა. ამიტომ განისაზღვრა, რომ საკითხის შემდეგი მოსმენა მოხდება მიმდინარე წლის 10 მარტს, ანუ ერთი თვის შემდეგ. ვნახავთ, განვიხილავთ, იქნება თუ არა დამაკმაყოფილებელი წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მერე უკვე განხილვის რეჟიმში განვსაზღვრავთ გადაწყვეტილების გამოცხადების ვადას,” – ამბობს ვახტანგ აბაშიძე.

ფოთი-ვარნის წყლისქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის ”ვიმპელკომისათვის ”შესაძლო მიყიდვის შესახებ თავისუფალი დემოკრატების განცხადებას გამოეხმაურა ”კავკასუს ონლაინიც”. კომპანია უარყოფს ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოლაპარაკებების საგანი შავი ზღვის კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისებაზე მიმდინარეობს. ”კავკასუს ონლაინს” მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან აქვს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე ”კავკასუს ონლაინს” აქვს მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან, მათ შორის ვიმპელკომთან და მაგთიკომთან საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე. მოლაპარაკებების საგანი არ არის შავი ზღვის კაბელის და სახმელეთო მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გასხვისება. პროცესი არის გამჭვირვალე და კომპანიის იმ აქტივების დეტალური ჩამონათვალი, რომლის შესაძლო გასხვისებაზეცაა საუბარი, გაგზავნილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, როგორც ამას მოითხოვს კომისიის დებულებები: კომპანიაში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის შერწყმის, კომპანიაში წილების ან საოპერაციო აქტივების ნასყიდობის შესახებ ავტორიზებული პირი ვალდებულია მიიღოს კომიისიის წინასწარი თანხმობა. კომისიისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში არ არის შავი ზღვის მაგისტრალური კაბელი, შესაბამისად, ის არ არის კომერციული შეთანხმების ნაწილი,” – ნათქვამია ”კავკასუს ონლაინის” განცხადებაში.

როგორც მაგთიკომის წარმომადგენლები აცხადებენ, ”კავკასუს ონლაინის” საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები გასული წლის ნოემბერში შეწყდა. მაგთიკომში ამბობენ, რომ ამის მიზეზი ის თანხაა, რომელიც ”კავკასუს ონლაინმა” მოითხოვა საცალო მომსახურების სეგმენტის სანაცვლოდ.

”კავკასუსის თაობაზე კომპანიამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ნოემბრის შემდეგ მოლაპარაკებები აღარ წარმოებს. მიზეზი არის ის, რაც საჯარო სხდომაზეც დავასახელეთ – ის ასტრონომიული თანხა, რომელიც კავკასუს ონლაინმა მოითხოვა ამ ტრანზაქციის განხორციელებისთვის. რა თანხაზეა საუბარი, სამწუხაროდ, ვერ გეტყვით. ჩვენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მიღებული გვაქვს თანხმობა ამ აქტივის შეძენაზე, ეს აქტივი ძალაშია. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს,” – აცხადებს დავით ძიძიგური, შპს მაგთიკომის იურისტი.

კავკასუს ონლაინის წილის 36.2%-ს ფლობს უცხოური საწარმო International Online Networks LLC, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, 19.8%-ს ფლობს ნელგადო ლიმითედი (ვირჯინიის კუნძულები), ხოლო 44%-ს – გროუს მასთერ ჰოლდინგზ აი-სი (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო).

რაც შეეხება ”მობიტელს” (ბილაინი): წილის 51%-ს ფლობს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ (ვირჯინიის კუნძულები), 29%-ს – „ინვესტიკო ალიანსე“ (ვირჯინიის კუნძულები), 20%-ს – მირენ ინვესტ, (ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.).

”კავკასუს ონლაინის” სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ხვიჩა მაქაცარიაა, იგი პარალელურად ”მობიტელის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. ასევე ერთდროულად ორივე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია თეიმურაზ არონიაც.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”მობიტელისა” (ბილაინის) და ”კავკასუსის” ერთობლივი განცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული საქმის წარმოება 5 იანვარს დაიწყო.კავკასუს ონლაინი 1 კავკასუს ონლაინი 2 კავკასუს ონლაინი 3

მასალების გადაბეჭდვის წესი