ტექნოლოგიები

ალასანიას მტკიცებით, ფოთი-ვარნის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი შესაძლოა “ვიმპელკომმა” შეიძინოს

7 თებერვალი, 2016 • 1952
ალასანიას მტკიცებით, ფოთი-ვარნის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი შესაძლოა “ვიმპელკომმა” შეიძინოს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, რომლითაც საქართველო ევროპიდან ინტერნეტს იღებს, შესაძლოა კომუნიკაციების რუსულმა ჰოლდინგმა”ვიმპელკომმა” შეიძინოს (ВымпелКом, რომლის ჰოლდინგშიც შედის ბილაინი). ამის შესახებ ალასანიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს “საგანგაშო ინფორმაციაა” და თავისუფალმა დემოკრატებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც მიმართეს. მისი თქმით, ეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ განმარტება აუცილებლად უნდა გააკეთოს.

“ჩვენი ფინანსური, ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, ასევე თავდაცვისთვის, ეს იქნება საგანგაშო. ეს იქნება პირდაპირი ხელყოფა ჩვენი უსაფრთხოების”, – განაცხადა ალასანიამ.

საქართველო-ბულგარეთის (ფოთი-ვარნა) დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალზე ამ დროისთვის კავკასუს ონლაინი ოპერირებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელის“ [ბილაინის სავაჭრო ნიშანი. თავის მხრივ ბილაინი შედის „ვიმპელკომ LTD”-ს კომპანიათა ჯგუფში] და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მართლაც დაიწყო. თუმცა, როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი, შპს „კავკასუს ონლაინი“ გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას, საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შპს „მობიტელისთვის“ გადაცემას, ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, რაც გულისხმობს ქსელური ინფრასტრუქტურას და მაგისტრალებს, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის (ფოთი-ვარნა) დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს, ოპერირების გაგრძელებას. საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 9 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილებას კომისია ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

ალასანიას განცხადებით კი, მოლაპარაკებები სწორედ ზემოხსენებულ მაგისტრალზე მიმდინარეობს. მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატები დეტალებს, თუ საიდან ფლობენ ამ ინფორმაციას, ხვალ 8 თებერვალს დაგეგმილ ბრიფინგზე გაახმაურებენ.

“ეხოკავკაზას” ინფორმაციით, დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე “ვიმპელკომის” წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც შეხვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი