ახალი ამბები

კვირიკაშვილი CNBC-ის ეთერში: საქართველოს შეუძლია ევროპისა და აზიის დაკავშირება

24 იანვარი, 2016 • 1219
კვირიკაშვილი CNBC-ის ეთერში: საქართველოს შეუძლია ევროპისა და აზიის დაკავშირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის დროს ამერიკულ ტელევიზია CNBC-ის ესაუბრა. პრემიერმა ვრცელ ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალსა და ამ მხრივ ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, საქართველო მზად არის, იქცეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებლად:

“არსებობს ბევრი მიზეზი, თუ რატომ არის მოსალოდნელი სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა, კერძოდ, საქართველოში. რადგან საქართველოში გადის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზები. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი პროექტები, მაგალითად, “აბრეშუმის გზის” აღდგენის ინიციატივა, “ერთი სარტყელი – ერთი გზა”, რომელის დახმარებითაც ევროპა ეზიარება აზიურ დინამიზმს და პირიქით. ევროპას სჭირდება ზრდის ახალი მამოძრავებელი ძალები. საქართველო კი არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ევროპისა და აზიის დაკავშირება,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ღია, ლიბერალური ეკონომიკა, რაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვენლოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

“საქართველოში ხორციელდება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა რკინიგზის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის პროექტი – ეს არის ახალი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. ასევე, შავიზღვისპირეთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ასევე სხვა ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროექტები, მაგალითად, ჰიდროენერგეტიკული პროექტები.”

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა იმ პრობლემებსა და საფრთხეებზე, რომლებსაც დღეს ევროკავშირი აწყდება. ჟურნალისტის კითხვაზე, შეუშლის თუ არა ხელს მიმდინარე პროცესები საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისაკენ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბევრი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ევროპის მომავალი ეკონომიკური წარმატების გვჯეროდეს.

“თუნდაც მიგრაციის პრობლემა რომ ავიღოთ, უნდა შევხედოთ დადებით მხარეებს. პრობლემა აქ მიგრანტების ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციაა. მათთვის სათანადო სამუშაო და საკომუნიკაციო უნარების განვითარება. ეს ადამიანები მზად არიან გასცენ იმაზე მეტი, ვიდრე მიიღებენ. ასე რომ, გრძელვადიან ჭრილში ისინი იქცევიან ევროპაში ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან რესურსად,” – ამბობს კვირიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე მიესალმება ირანის საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნებას და აცხადებს, რომ საქართველო ოპტიმისტურადაა განწყობილი ირანთან მომავალში სათანამშრომლოდ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ ტელეკომპანია CNBC-სთანდავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია CNBC-ის.

Posted by Giorgi Kvirikashvili on Friday, 22 January 2016

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი