2500 ლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ა.გ.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, “ბრალდებულმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ზედამხედველობის პროცესში, რომელიც ეხებოდა ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ფასადების აღდგენას, კერძოდ კი, ერთ-ერთ ობიექტზე ვითომდა გაკრული პლაკატებისაგან გასუფთავებას, რაც რეალურად არ არსებობდა, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს დაამზადებინა სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ყალბი აქტი, რის საფუძველზეც მერიიდან აღნიშნულ კომპანიას საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა 5000 ლარი. სანაცვლოდ, ბრალდებულმა ქრთამის სახით მოიოთხოვა და აიღო თანხის ნახევარი, 2500 ლარი”.

უწყების განცხადებით, ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი