ხატისკაცი: თბილისში იქნება ადგილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მანქანაზე სწრაფად ივლის

თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა 8 დეკემბერს მერიის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ქალაქში იქნება ადგილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო სწრაფად იმოძრავებს, ვიდრე კერძო ავტომობილი.

მერის მოადგილის განცხადებით, გზებზე მოძრაობა დარეგულირდება იმ შემთხვევაში, როდესაც  ქალაქში მეტი სივრცე დაეთმობა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ფეხით მოსიარულეებს.

“ჩვენთან ძალიან ბევრი მანქანაა, მაგრამ თუ ჩვენ არ შევზღუდავთ სივრცეს მანქანისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად ვერ მოხდება. ძალიან სერიოზული კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით, რომელიც- დაახლოებით წელიწადზე ცოტა მეტი დარჩა- ჩვენ შემოგვთავაზებს განვითარების გეგმას და დიახ, ქალაქში იქნება ადგილები, სადაც ივლის საზპოგადოებრივი ტრანსპორტი; დიახ,  ქალაქში იქნება ადგილები, სადაც კერძო მანქანით გადაადგილებას უფრო დიდი ხანი დასჭირდება, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, და ეს იქნება სტიმული, რომ ადამიანები კერძო მანქანებიდან გადაჯდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მხოლოდ ამ გზით მოვაგვარებთ ამ პრობლემას,”– განაცხადა ნინა ხატისკაცმა. 

ნინა ხატისკაცი თბილისის მერიის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე. ფოტო – თბილისის მერია. 08.12.2015

ნინა ხატისკაცი თბილისის მერიის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე. ფოტო – თბილისის მერია. 08.12.2015

მისივე განცხადებით, ეს გეგემა ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით უნდა განხორციელდეს. 

“ამას ჩვენ მარტო ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ქალაქის განვითარების გეგმა და ტრანსპორტის საყრდენი გეგმა, რომელიც ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი იქნება, სწორედ ამ პრინციპს დაეფუძნება, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემები უნდა მოგვიგვაროს,”– აღნიშნა ნინა ხატისკაცმა.

საცობებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემასთან დაკავშირებით დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მომავალში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება და მარშრუტები ტრანსპორტის “მასტერპლანს” დაეფუძნება. როგორც მერმა აღნიშნა, აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი ავტობუსების შემოყვანით ვითარება მნიშვნელოვნად არ შეიცვლება:

“მარშრუტების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს აუცილებლად, ისევე, როგორც ტრანსპორტის მასტერპლანის შემთხვევაში. შემოთავაზებული იქნება რეკომენდაციები ცალკეული მიმართულებით ე.წ. ავტობუსების ხაზის გაკეთებასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ერთ ეფექტს მივიღებთ ახალი ავტობუსების შემოყვანით, ეს იქნება კომფორტული ავტობუსი, მაგრამ გადაადგილების თვალსაზრისით თითქმის იგივე დრო იქნება საჭირო, როგორც ძველი ავტობუსების შემთხვევაში,”–განაცხადა თბილისის მერმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი