ახალი ამბები

მარგველაშვილი: ვიზის ლიბერალიზაცია გავლენას მოახდეს კულტურულ კავშირებზე

27 ნოემბერი, 2015 • 1373
მარგველაშვილი: ვიზის ლიბერალიზაცია გავლენას მოახდეს კულტურულ კავშირებზე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარმა იოჰანეს ჰანმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნები ამჟამად ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთოების პრობლემების წინაშე დგანან. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო 2008 წელს საკუთარი თავისუფალი არჩევანის გამო დაისაჯა.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნები დღეს დგანან ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთოების საკითხების წინაშე, ეს არის მათთვის რეალური გამოწვევა. გამოწვევა, რომელიც მოდის რუსეთიდან. რომელიც ეფუძნება მის პოლიტიკას, რომ საკუთარი ინტერესის სფეროები გაავრცელოს სამეზობლოში და საქართველო ამ თვალსაზრისით იყო ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საკუთარი თავისუფალი არჩევანის გამო დაისაჯა ჩრდილოელი მეზობლის მიერ. სამწუხაროდ, ჩვენი გარემო და საარსებო არეალი არ გამხდარა უფრო მშვიდი,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ევროპულ სახელმწიფოდ ყალიბდება. ამ პროცესში შემდეგი ნაბიჯი კი ვიზის ლიბერალიზაცია იქნება.

“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთვის არის ნათლად გამოსახული და ეს არის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი. ეს რეალურად გავლენას მოახდენს თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის კონტექსტის გაღრმავებაზე, მეტ კულტურულ კავშირებზე, მეტ საქართველოზე ევროპაში და მეტ ევროპაზე საქართველოში,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარი, იოჰანეს ჰანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან. დღეს ასევე, შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი