ახალი ამბები

„თბილისობა 2015“-ის ჩასატარებლად 977 000 ლარია გამოყოფილი

6 ოქტომბერი, 2015 • • 2458
„თბილისობა 2015“-ის ჩასატარებლად 977 000 ლარია გამოყოფილი

მერიის განცხადებით, შემოდგომის 36-ე დღესასწაულის  დაგეგმვაში წელს მოქალაქეები იყვნენ ჩართულები. თბილისის მერიის ცნობით, კონკურსის „ჩემი თბილისობა“ მეშვეობით საუკეთესო კონცეფციები შეარჩია და ღონისძიებები სწორედ აღნიშნული კონცეფციების გათვალისწინებით დაიგეგმა.

 

„თბილისობა 2015“-ის ბიუჯეტი წელს 977 000 ლარს შეადგენს და სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და საბავშვო ღონისძიებას მოიცავს.

 

„თბილისობას“ 16 ოქტომბერს, საღამოს „საპატიო თბილისელის“ დაჯილოვების ცერემონია გახსნის.  17 და 18 ოქტომბერს რიყის პარკში დაგეგმილია სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ღია ტურნირები ჭადრაკსა და ჭიდაობაში, საბავშვო ღონისძიებები და „ლაივ ფესტივალი“ ახალგაზრდებისთვის.

 

 “თბილისობა 2015”-ის ფარგლებში წელს პირველად გაიმართება კულინარიის ფესტივალი. პარკში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ქართული, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კერძები.  რიყის პარკის შადრევანთან კი ღვინის ქალაქი მოეწყობა, აცხადებს მერია.

 

მერიის ცნობით, 17 ოქტომბრის კულმინაცია მიშა მდინარაძის პროექტი იქნება, რომელიც წარმოაჩენს თბილისური მუსიკის ტრანსფორმაციას ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში.

 

წელს პირველად თბილისის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ „თბილისზე მზრუნველი“ თავად აირჩიონ დასახელებული კანდიდატებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე.

 

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, 18 ოქტომბერს მუშტაიდის პარკიდან სტარტს აიღებს კოსტუმირებული მსვლელობა „შემოდგომა და გარემო“, რომელიც გორგასლის მოედანზე გალა კონცერტს შეუერთდება. 

 

„თბილისობა 2015“ გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას ეძღვნება. დღესასწაულის ფარგლებში ქ. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით სტრატეგიის პრეზენტაცია მოეწყობა. ასევე გაიმართება სხვადასხვა თემატური შემეცნებითი აქტივობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი