ახალი ამბები

ახალი შეზღუდვები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოში მიწის ფლობაზე

11 თებერვალი, 2015 • • 2164
ახალი შეზღუდვები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოში მიწის ფლობაზე

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრის თამარ კორძაიას შეფასებით, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი კანონპროექტი, არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას: 

 

“მიმაჩნია, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. შეიძლება რეგულაციები დავადგინოთ მიწის შეძენის პროცესზე, მაგრამ შემდეგ უკვე განკარგვის პროცესზე აუცილებლობის კრიტერიუმები უფლების შეზღუდვის ნაწილში არ არის თანაზომიერი და ლახავს საკუთრების უფლებას. ამ ნაწილში კანონპროექტი არ არის დასაბუთებული. თუ პარლამენტი კანონპროექტს ამ ფორმით მიიღებს, ვფიქრობ, რომ ეს გახდება ერთ–ერთი საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარდგენის.”

 

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ “სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროეტში ანტიკონსტიტუციურია მუხლი 1.1 რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ავალდებულებს, მიწის ფლობის კრიტერიუმების დარღვევის შემთხვევაში, მის საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო მიწა 6 თვის ვადაში გაასხვისოს.


კანონპროექტის განხილვა 10 თებერვალს იურიდიულ კომიტეტში საპროტესტო აქციის ფონზე მოხდა. საზოგადების ნაწილი მოითხოვს, რომ სასოფლო–სამეურნეო მიწის ფლობაზე შეზღუდვები იურიდიული პირებისათვის და საფინანსო ინსტიტუტებისათვის დაწესდეს.

 

უცხოელებისთვის მიწის ფლობაზე მორატორიუმი 2013 წლის ივლისში ამოქმედდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების უფლების მოპოვება 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ.

 

2013 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველომ“ გაასაჩივრა მიწაზე დროებითი სამართლებრივი შეზღუდვის დაწესება. 2014 წლის 24 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.

 

შეზღუდვები, რომლებსაც უწესებს მთავრობის კანონპროექტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო–სამეურნეო მიწის ფლობაზე

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი “სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტები.

 

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა და წარმოდგენილი ცვლილებებით განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება აქვთ. ესენი არიან სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს მოქალაქე, კომლი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.

 

კანონპროექტის თანახმად, უცხოელი მოიპოვებს საკუთრების უფლებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, თუ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობის გზით; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი. განქორწინების/კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელი ინარჩუნებს წილს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუ ის აკმაყოფილებს უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის ამავე კანონით განსაზღვრულ პირობებს; გააჩნია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა.

 

პირი, რომელიც აღარ აკმაყოფილებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისათვის განსაზღვრულ პირობებს, ვალდებულია საკუთრების უფლების არსებობისათვის აუცილებელი პირობის დარღვევიდან ექვსი თვის ვადაში გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე საკუთრების უფლებამოსილების მქონე პირზე.

კანონპროექტით განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ის მინიმალური და მაქსიმალური ფართობი, რომელიც შეიძლება იყოს უცხოელის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრებაში.

 

კერძოდ, შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი უცხოელის შემთხვევაში არ უნდა იყოს 5 ჰექტარზე ნაკლები, ხოლო ჯამში შემძენის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 20 ჰექტარს. უცხოელის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა იყოს 20 ჰექტარზე ნაკლები, ხოლო ჯამში შემძენის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 200 ჰექტარს. ამასთან, ზემოაღნიშნული შეზღუდვა მიწის ფართობებთან დაკავშირებით არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტში არსებული შეზღუდვები არის  კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისი: “კანონპროექტში არსებული შეზღუდვები გონივრული და პროპორციულია. აბსოლუტურ შეზღუდვებზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ აბსოლუტური შეზღუდვები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე გააუქმა, თან ორჯერ. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ გონიერ და ზომიერ შეზღუდვებზე და რაც მთავარია, ეს შეზღუდვები უნდა იყოს მეტნაკლებად თანაბარი, როგორც ფიზიკური პირების მიმართ, ისე იურიდიული პირების მიმართ. “

 

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არის შედარებით დაბალანსებული იმ ვერსიებთან, რაც აქამდე იყო შემოთავაზებული: “კვირის ბოლოს განვიხილავთ ამ კანონპროექტს და ამ საკითხზე დაპირსპირებულ ადამიანებს პასუხს გავცემთ.”

 

ვინ და რატომ უპირისპირდება მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს

 

პროფესორი, აგრარიკოსი პაატა კოღუაშვილი მთავრობის მიერ “სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტის მთავარ ხარვეზად იმ ნორმას ასახელებს, რომელიც იურიდიულ პირებს და საფინანსო ინსტიტუტებს სასოფლო სამეურნეო მიწის განუსაზღვრელი რაოდენობით ფლობის უფლებას ანიჭებს:

 

“იურიდიულ პირებს აუცილებლად უნდა განვუსაზღვროთ ოდენობა სასოფლო სამეურნეო მიწებისა, რომელიც მათ საკუთრებაში უნდა იყოს. ამ კანონპროექტით, ქართველ გლეხს სოფელში კონკურენტი გამოუჩნდა. ეს გამოიწვევს სოფლიდან გლეხკაცის აყრას.”

 

კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ იურიდიული პირების დიფერენცირება უნდა მოხდეს და მხოლოდ მათ უნდა მიეცეთ სასოფლო–სამეურნეო მიწის ყიდვის უფლება, ვინც აგრარულ სექტორში საქმიანობს.

 

 კანონპროექტის ამ მუხლს აპროტესტებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ჯიბუტი: 

 

“იურიდიული პირები განსხვავდებიან საქმიანობით. არიან იურიდიული პირები, რომლებიც მეწარმეობაში არიან ჩართულნი. არიან არასამთავრობოები, რომელთა პროფილიც განსაზღვრულია. იურიდიული პირიები არიან პარტიული ორგანიზაციები. აქ არის  რისკები. კერძოდ, იურიდიულ პირებს და საფინანსო ინსტიტუტებს შეუძლიათ მიწა იყიდონ განუსაზღვრელი რაოდენობით და გახდნენ 21–ე საუკუნის ფეოდალები. არის საფრთხე, რომ გლეხი დარჩეს მიწის გარეშე. სასოფლო–სამეურნეო მიწა უნდა იყოს გამოყენებული სასოფლო–სამეურნეო მიზნებისთვის. ვისაც რამდენი უნდა და როგორც უნდა იმდენი შეიძინოს, სახიფათოა. დისპროპორციულად უნდა აიკრძალოს მიწის შეძენა. მთავრობას სჭირდება ოქროს შუალედი.”

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე აცხადებს, რომ მთავრობამ ოქროს შუალედი იპოვა და კანონპროექტი მაქსიმალურად დაბალანსებულია:

 

“ჩვენ გვეუბნებიან, რომ იურიდიულ პირებს საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ მიწის ფლობის უფლება, რაც არ არის სწორი, არ არის მართებული და არ არის სამართლებრივი  და არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან. კანონპროექტის მომზადების პროცესში არის ჩაბმული ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამ უწყებებს აქვთ საკმარისი კომპეტენცია იმისთვის, რომ ეკონომიკური ფაქტორები გაითვალისწინონ. შეზღუდვებზე უარი ვთქვით, იმიტომ რომ მათი შესრულება ადმინისტრირების მხრივ იქნებოდა ძალიან რთულად შესასრულებელი.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი