ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის დუმამ აფხაზეთთან მოკავშირეობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

23 იანვარი, 2015 • 1097
რუსეთის დუმამ აფხაზეთთან მოკავშირეობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ფედერალური კრების სხდომაზე დოკუმენტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა წარადგინა. სათათბირომ 431 ხმით მიიღო დოკუმენტის რატიფიცირების გადაწყვეტილება, წერს “კავკაზსკი უზელი“.


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს შენობა; ფოტო: ria.ru
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს შენობა; ფოტო: ria.ru

 

რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტებმა შეთანხმებას ხელი 24 ნოემბერს მოაწერეს. აფხაზეთის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება 2014 წლის 22 დეკემბერს მოახდინა. დოკუმენტი ითვალისწინებს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის, მათ შორის გაერთიანებული სამხედრო ჯგუფების შექმნას, რომლებიც დაექვემდებარებიან გაერთიანებულ მეთაურობას.

 

ამას გარდა, შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთისთვის სოციალური სტანდარტების ამაღლების უზრუნველყოფას, მათ შორის საპენსიო უზრუნველყოფას, სამედიცინო და სოციალურ დაზღვევას, ხელფასების ზრდას და ა.შ.

 

თბილისი სოხუმსა და მოსკოვს შორის აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებას აფასებს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის მცდელობად. ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებას მოსკოვი სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს. ცხინვალთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი დამუშავებისა და განხილვის პროცესშია.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


მასალების გადაბეჭდვის წესი