44 ქვეყანა, რომელიც გაეროში საქართველოს რეზოლუციის თანაავტორი გახდა

საქართველოს მიერ გაერო-ში 2008 წლიდან ინიცირებულ რეზოლუციას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა სტატუსის შესახებ წელს პირველად ჰყავს თანაავტორები სხვა სახელმწიფოების სახით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ დევნილების საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში.

რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს, საქართველოს გარდა, გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია 45 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. ეს ქვეყნებია:

  1. ავსტრალია
  2. ავსტრია
  3. აშშ
  4. ბელგია
  5. ბულგარეთი
  6. გერმანია
  7. დანია
  8. დიდი ბრიტანეთი
  9. ესტონეთი
  10. ესპანეთი
  11. ესვატინი
  12. თურქეთი
  13. ისლანდია
  14. ირლანდია
  15. იტალია
  16. კანადა
  17. კოსტა რიკა
  18. ლატვია
  19. ლიეტუვა
  20. ლიხტენშტაინი
  21. ლუქსემბურგი
  22. მალტა
  23. მარშალის კუნძულები
  24. მიკრონეზია
  25. მოლდოვა
  26. მონტენეგრო
  27. ნიდერლანდები
  28. ნორვეგია
  29. პაპუა ახალი გვინეა
  30. პოლონეთი
  31. პორტუგალია
  32. რუმინეთი
  33. საფრანგეთი
  34. საქართველო
  35. საბერძნეთი
  36. უნგრეთი
  37. სლოვაკეთი
  38. სლოვენია
  39. სოლომონის კუნძულები
  40. ტონგა
  41. უკრაინა
  42. ფინეთი
  43. ხორვატია
  44. შვედეთი
  45. ჩეხეთი

2019 წლის 4 ივნისს, 73-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.  რეზოლუციას მხარი 79-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი 15 წავიდა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

რეზოლუცია გაერო-ს გენერალურ მდივანს ავალდებულებს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას.

რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ამავე თემაზე:

79 მომხრე, 15 წინააღმდეგი – გაეროში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუცია მიიღეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.