ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში საქართველოდან ინვესტიციით თეს-ის პროექტი შესაძლოა ჩაიშალოს

30 ოქტომბერი, 2014 • • 1210
სომხეთში საქართველოდან ინვესტიციით თეს-ის პროექტი შესაძლოა ჩაიშალოს

საუბარია დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტზე, რომლის ფარგლებშიც Anaklia IEP Holding-ს უნდა აეშენებინა ვანაძორში 540 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური.

 

სომხეთის მთავრობამ თეს-ის მშენებლობისთვის ქართველ ინვესტორებს 13 ჰექტარი მიწის ფართობი გამოუყო და სამთავრობო დონეზე აღუთქვეს გაზის უწყვეტი მიწოდების პირობა თბოლოექტროსადგურისთვის.

 

პროექტის მიხედვით, ახალი თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი უნდა განხორციელდეს საქართველოში, ასევე, მან უნდა მიაწოდოს ელექტროენერგია ანაკლიის პორტს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე უნდა აშენდეს. იქვე უნდა აშენდეს თხევადი გაზის ქარხანა.

 

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოეწერა სომხეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მიმდინარე წლის აგვისტოში.

 

“აიკან ჟამანაკ”-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ ხელშეკრულების სავარაუდო ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ის გარემოება, რომ თხევადი გაზი ძირითადად მიეწოდება ევროპულ ქვეყნებს, რაც, ცხადია, არ მოსწონს რუსეთის მთავრობას. ამას გარდა, არც აზერბაიჯანს მოსწონს, რომ მისი გაზი გათხევადდება იმ ელექტროენერგიით, რომელიც სომხური თეს-ით გამომუშავდება.

სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი და ბიზნესმენი თეიმურაზ ქარჩავა
სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი და ბიზნესმენი თეიმურაზ ქარჩავა

Anaklia IEP Holding-ს  ბიზნესმენი თეიმურაზ ქარჩავა ხელმძღვანელობს. თეიმურაზ ქარჩავა საქართველოში ჩამოსვლამდე ბიზნესს რუსეთში აწარმოებდა. ქარჩავა მოსკოვში ვიპ კლუბ “ნაციონალს” ფლობდა. kommersant.ru-ს  ცნობით, 2004 წელს თეიმურაზ ქარჩავა რუსეთში სამართალდამცავებმა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელ დენის მიხაილოვისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს. როგორც kommersant.ru წერდა, ქარჩავამ მიხაილოვს ქრთამის სახით Mercedes SLK 350 – სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ გადასცა.

 

საქართველოში თემურ ქარჩავა ბიზნესსაქმიანობას 2008 წლიდან იწყებს.  საჯარო რეესტრის მონაცემებით, თეიმურაზ ქარჩავა საქართველოში ფლობს კომპანიებს,  “ანაკლია გაზს, ”ჭურიას“,  “კონცერნი თექას”, “ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი & პორტი Anaklia Industriuli Eko Parki & Port” –ს, “შავი ზღვის პორტი ანაკლიას”, “შავი ზღვის ნავსადგურს” და “შატო მანავს”. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შვიდივე კომპანიაში თეიმურაზ ქარჩავას წილი 100% –ს შეადგენს.

 

თეიმიურაზ ქარჩავას კომპანია  2009 წლიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ “ანაკლიის პორტის” მშენებლობაში მონაწილებდა.

ხელშეკრულების თანახმად, სომხეთში 540 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური ქარჩავას კომპანიას სამ წელიწადში უნდა აეშენებინა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი