ახალი ამბები

მალხაზ კობაურის სასჯელის ზომას სასამართლო 27 მარტს გამოაცხადებს

26 მარტი, 2019 • 907
მალხაზ კობაურის სასჯელის ზომას სასამართლო 27 მარტს გამოაცხადებს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურისთვის შეფარდებული სასჯელის ზომას სასამართლო 27 მარტს გამოაცხადებს.

ნაფიცმა მსაჯულებმა კობაური ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს, სასჯელის ზომას კი უკვე მოსამართლე განსაზღვრავს.

“27 მარტს, 12:00 საათზე ჩანიშნულია სასჯელის დანიშვნის სხდომა, სადაც მოსამართლე გამოაცხადებს სასჯელს. ვინაიდან ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, მოკლულია სამი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი, მოტივი ამ დანაშაულის არის შეუწყნარებელი და გაუგონარი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი სამართლიანი სასჯელი იქნება უვადო თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ჩვენ მხარს დავუჭერთ უვადო თავისუფლების აღკვეთას”, – განაცხადა პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა.

მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

მალხაზ კობაური სმიტების ოჯახის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

მასალების გადაბეჭდვის წესი