ჟენევის ფორმატმა პოლიტიკური დატვირთვა უნდა მიიღოს – ჟენევაში ან სხვანაირად – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატში მხოლოდ ტექნიკური საკითხები განიხილება და საჭიროა, მან პოლიტიკური დატვირთვა შეიძინოს.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან მისი დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხებოდა.

“ჩემი მთავარი გზავნილი იყო სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, რამეთუ ძალიან დამძიმდა ოკუპაციის ხაზთან რუსეთის ყველა ქმედება – ეს იქნება მცოცავი “საზღვარი” სხვადასხვა ადგილებზე, გატაცებები თუ მუქარები, რაც ისმოდა ბოლო პერიოდში თუნდაც სწორედ ნატო-ს წვრთნების შესახებ. ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური სათქმელი პარტნიორებთან. იცოდნენ, რომ ჩვენ ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად ვაგრძელებთ სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როდესაც იკეტება გადასვლის პუნქტები საოკუპაციო ხაზზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, ამის მიუხედავად, საქართველო თავის სამშვიდობო გზავნილებს არ ცვლის.

“სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია – არის მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის ფორმატი, მიიღოს პოლიტიკური დატვირთვა – ან ჟენევაში ან სხვანაირად. არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ შეგუებული იმას, რომ მხოლოდ ტექნიკურ დონეზე წყდება ეს საკითხი, ან არ წყდება”, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის რანგში არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატს კონფლიქტის გადაწყვეტის კუთხით გარდატეხა ვერ შემოაქვს. საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისა, ზურაბიშვილმა პოლიტიკური დიალოგის აცილებლობაზე ისაუბრა.

“არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატები დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე. მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა 6 მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწაფიშვილმა 19 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება იმის შესახებ, რომ “აუცილებელია შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელსაც ექნება მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობა” და თქვა, რომ ახალ ფორმატზე მუშაობა დაწყებულია.

კითხვაზე, ხომ არ იქნება აღნიშნული ფორმატი ჟენევის დისკუსიების ალტერნატივა, ხატია მოისწრაფიშვილმა უპასუხა:

“არაფრის ალტერნატივა არ იქნება. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იყოს ყველა არსებული ფორმატი, თუმცა მიაჩნია, რომ ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება. მაღალი პოლიტიკური დიალოგი არ იწარმოება ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში”, – განაცხადა მან.

მოგვიანებით თავად სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ როდესაც ახალი პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს, ჟენევის დისკუსიების ფორმატის გაუქმებას არ გულისხმობს.

“გაუქმებაზე არც არავის უფიქრია ან ულაპარაკია, არსებული ჟენევის ფორმატი აუცილებელიცაა! თუმცა, ამავდროულად, საჭიროა პოლიტიკური ფორმატზე ფიქრი და სხვა დონეზე ჩვენი საკითხის დაყენება… ეს იმ შემთხვევაში, თუ გვინდა, საქართველოსა და მისი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი “მსოფლიო რუკაზე” და ჩვენ პარტნიორების პრიორიტეტებში დავაბრუნოთ!” – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალირ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი