რუსთაველის N12-დან კომპიუტერები ამოვიღეთ, ყანდიაშვილი ჯერ არ გამოგვიკითხავს – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თიბისი ბანკის განცხადების საფუძველზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რუსთაველის N12-დან კომპიუტერები ამოიღეს, ხოლო კოკა ყანდიაშვილი ჯერ არ არის გამოკითხული, თუმცა, როგორც კი ამის საჭიროება დადგება, მას გამოკითხავენ.

“ეს გახლავთ საკმაოდ კომპლექსური სისხლის სამართლის საქმე. ეს არ გახლავთ რიგითი საქმე, რომლის გამოძიების დასრულება შესაძლებელი იქნება ერთ დღეში, ორ დღეში ან ერთ კვირაში. დღემდე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება- როგორც გამოკითხვები, ასევე ამოღებულია კომპიუტერები, მათ შორის, რუსთაველის N12-დან. მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება და შესწავლა. მცირე დრო არ სჭირდება კომპიუტერული ინფორმაციის დამუშავებას, ყველამ კარგად ვიცით”, – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების აუცილებლობა დადგება, ოღონდ ამ ყველაფერს დრო სჭირდება:

“რომ დავასრულებთ გამოძიებას, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწოდებთ. ბატონი კოკა ყანდიაშვილი ჯერ არ არის გამოკითხული. როგორც კი ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად დაიკითხება. შსს-სთვის არასდროს ყოფილა პრობლემა გამოკითხვა თანამდებობრივი სტატუსის და ა.შ. მიუხედავად”.

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თიბისი ბნაკის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას რამდენიმე თვეა აწარმოებს.

კოკა ყანდიაშვილი, რომელიც რუსთავი 2-მა “ქართული ოცნების” ე.წ ტროლების ქარხნის ხელმძღვანელად დაასახელა, ამ ბრალდებას უარყოფს, ის ტელეარხის სიუჟეტს ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ ოფისი, რომელიც სიუჟეტში ჩანდა, მულტიმედია კომპანიას ეკუთვნის.

რუსთავი 2-ზე, “შაბათის კურიერში”, 9 მარტს გასულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ “თიბისი ბანკის” მიერ ნახსენები ე.წ ტროლების თავდასხმა ბანკის წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ოფისიდან დაიგეგმა. რუსთავი 2-ის თანახმად, ეს ოფისი პრემიერ-მინისტრის კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, კოკა ყანდიაშვილის დაქირავებული იყო.

მათი ინფორმაციითვე, ყანდიაშვილი ამ ოფისიდან ხელმძღვანელობდა “ტროლების ქარხანას”, რომელმაც ბოლო პერიოდში თიბისი ბანკის დამფუძნებლები ამოიღო მიზანში და მათ წინააღმდეგ აწარმოებდა ინტერნეტკამპანიას [ინტერნეტტროლებს უწოდებენ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ძირითადად ყალბი ანგარიშებით, ხშირ შემთხვევაში კი ანონიმურად, ავრცელებენ დეზინფორმაციას, ცდილობენ ინტერნეტში კონფლიქტის, დაბნეულობისა და ქაოსის გამოწვევას].

ყანდიაშვილის თანახმად, რუსთავი 2-ის გადაღებულ კადრებში, მართალია, მისი ოფისი ჩანს, თუმცა იგი არა “ტროლების ქარხნის”, არამედ მულტიმედია კომპანიის ოფისია.

ვრცლად:

კოკა ყანდიაშვილი რუსთავი 2-ის სიუჟეტს “ტროლების ფაბრიკაზე” სიცრუეს უწოდებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.