პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ბრძოლაში გავიმარჯვეთ, ახლა ბრძოლაა სასამართლოსთვის – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემაზე პოლიტიკური შტურმი ხორციელდება და ამის ნაწილია ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ დისკუსიას ახლავს თან.

“არის პოლიტიკური ინტერესი ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ, რომელი პოლიტიკური ძალების, რომელი მედიასაშუალებების მიერ არის ორკესტრირებული მიზანმიმართული შეტევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე. მიზანი არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შეზღუდვა და კონკრეტული ინსტიტუტისთვის ბრძოლა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული ბრძოლა ჩვენს ოპონენტებთან ერთი ინსტიტუტისთვის – ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და ჩვენ ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გავიმარჯვეთ. ახლა წარიმართება ბრძოლა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ამ ინსტიტუტისთვის – სასამართლო ს ინსტიტუტისთვის”, – განაცხადა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ირაკლი კობახიძის და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრების მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

“ბუნებრივია, ჩვენ არ დავუშვებთ ამ პოლიტიკური ძალის რევანშს და მის მიერ კონტროლის და რაიმე გავლენის მოპოვებას სასამართლო ხელისუფლებაზე. ეს არის ბრძოლა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დასრულდება ჩვენი ოპონენტის – “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებით”, – დასძინა კობახიძემ.

მისი თქმით, ნამდვილი კლანი სასამართლოში იყო, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს გიორგი პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა.

“კლანი თუ რეალურად სადმე არის, “ნაცმოძრაობის” ნარჩენი კლანები, მათ დასაცავად ყოველთვის დგანან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს უტევენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას”, – დასძინა კობახიძემ.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი