საჭირო გახდება საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა – კობახიძე კადრების გავრცელებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცლების გამოძიებაში საჭირო გახდება საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. ამის შესახებ კობახიძემ გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრისას განაცხადა.

“გახარიამ თქვა, რომ ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები ამ საკითხის გამოძიებაში. როგორც ჩანს, ეს გახდება საჭირო. დაველოდოთ. ასეთი საქმის გამოძიება არასდროს არის მარტივი, როდესაც საქმე ეხება კიბერდანაშაულს”, – აღნიშნა კობახიძემ. მისივე თქმით, აღნიშნული კადრების გავრცელებით, პირველ რიგში, ხელისუფლება დაზიანდა.

“მე ცალსახასდ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ თუ ვინმეს არ აწყობდა ამ კადრების გავრცელება, ეს იყო ხელისუფლება. თუ ვინმეს ზიანი მიადგა ამ კადრების გავრცლეებით, ეს იყო ხელისუფლება და მმართველი პარტია. ცალსახად ასეა”, – მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სხვადასხვა სოციალური ქსელით რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, დააკავეს 10-ზე მეტი პირი, რომლებმაც ეს ვიდეო ან ერთმანეთს გაუგზავნეს პირადი მიმოწერით, ან გააზიარეს. თუმცა, გამოძიებას ჯერჯერობით არ დაუდგენია, ვინ იყო ამ კადრების გავრცელების ორგანიზატორი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.