ირანელ უფლებადამცველს 38 წლით პატიმრობა და 148 შოლტი მიუსაჯეს – აცხადებს ოჯახი

გავლენიან ირანელ ადამიანის უფლებათა დამცველს, ნასრინ სოთუდეს, თეირანის სასამართლომ 38-წლიანი პატიმრობა და 148 შოლტი მიუსაჯა – ამის შესახებ მისი ოჯახი იტყობინება. ამის მიუხედავად, ირანის სახელმწიფო მედია, სასამართლოზე დაყრდნობით, გაცილებით მცირე სასჯელის შესახებ იუწყება.

სოთუდეს სასჯელის ზომის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა ქმარმა, რეზა ხანდანმა, ფეისბუქზე გაავრცელა. BBC ირანის ადამიანის უფლებათა ცენტრზე დაყრდნობით იუწყება, რომ უფლებადამცველის ქმარმა სოციალურ ქსელში ეს ცნობა სოთუდესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განათავსა.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ირანის სახელმწიფო მედია, რომელიც თეირანის რევოლუციურ სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება, რომ სოთუდეს სასჯელის ზომად 7 წელი განესაზღვრა, აქედან ხუთი წელი – ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებისთვის და ორი წელი – ირანის სულიერი ლიდერის შეურაცხყოფისთვის.

ნასრინ სოთუდე, ცნობილი ირანელი უფლებადამცველი, სხვა ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად იმ ქალების უფლებებსაციცავდა, რომლებიც ირანში სავალდებულო ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის გამო მისცეს პასუხისგებაში. ის ივნისში დააკავეს და ადვოკატის ცნობით, ბრალად დასდეს აგენტობა, პროპაგანდის გავრცელება და ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის შეურაცხყოფა.

უფლებადამცველი 2010 წელსაც იყო დაპატიმრებული. გამოძიება მაშინაც მსგავს ბრალდებებს უყენებდა, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნასა და პროპაგანდის გავრცელებას გულისხმობდა. ნასრინ სოთუდე ბრალდებებს უარყოფდა. მაშინ უფლებადამცველს სასჯელის ნახევრის – 3 წლის მოხდა მოუწია.

სოთუდეს ოჯახის მიერ გავრცელებული ბოლო ცნობების შემდეგ, ირანს აკრიტიკებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკომისია და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები.

“ნასრინ სოთუდემ თავისი ცხოვრება ქალთა უფლებების დაცვასა და სასიკვდილო განაჩენის წინააღმდეგ საუბარს მიუძღვნა. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, რომ ირანის ოფიციალური პირები მას ადამიანის უფლებებზე მუშაობის გამო სჯიან”, – აცხადებს Amnesty International.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი რობერტ პალადინო სოთუდეს გარშემო განვითარებულ მოვლენებს “ტვიტერით” გამოეხმაურა.

“ეს არის “სამართლიანობის ახალი ერა”, რომელშიც ხამენეი გვარწმუნებს?” – დაწერა მან.

მომხდარს გამოეხმაურა ევროკომისიის სპიკერიც, რომელმაც სასჯელის გადახედვა მოითხოვა და აღნიშნა, რომ თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ სოთუდეს განაჩენი “მის დაუსწრებლად” გამოუცხადა. ასევე, მისი თქმით, პროცესის დროს უფლებადამცველის სხვა არაერთი უფლება დაირღვა.

ნასრინ სოთუდე ერთ-ერთია იმ შვიდ ირანელ უფლებადამცველს შორის, რომლებიც ირანში გასული წლის მანძილზე დააპატიმრეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან