შსს დოკუმენტური მინისერიალის გადასაღებად 486 ათას ლარს დახარჯავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 486 051 ლარად დოკუმენტურ მინისერიალს გადაიღებს, რაზეც საქართველოს მთავრობამ პრემიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერით თანხმობა უკვე გასცა.

გეგმის განხორციელებისთვის სამინისტრომ უნდა შეიძინოს ოფიციალური ლიცენზია Columbia Broadcasting System (CBS)-სგან, ფორმატი – “48 საათი”.

შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებით, დღეისათვის პოლიციის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა საზოგადოების ნდობის ამაღლება თანამედროვე საპოლიციო ინსტრუმენტების დანერგვის მეშვეობით:

საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება და მისი პოზიციონირება საზოგადოების წინაშე მიზნად ისახავს პოლიციის საქმიანობაში პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას, მაღალკვალიფიცირებული კადრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენებით დანაშაულის ეფექტურ გამოძიებას, რამაც, საბოლოო ჯამში, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უნდა უჩვენოს დანაშაულთან ბრძოლის სამინისტროში არსებული მექანიზმები და შექმნას უსაფრთხო გარემოს განცდა საზოგადოებაში. საზოგადოებასთან უშუალო ურთიერთობის გაძლიერება და მათთვის რეალურ ქეისებზე დაყრდნობით კრიმინალური პოლიციის საქმიანობის დეტალების გაცნობა არსებითი ფაქტორია პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების კუთხით.”

შემსყიდველი ორგანიზაციისვე განმარტებით, პროექტის ტელევიზიაში განთავსება იგეგმება მარტის დასაწყისში და დასრულდება ივნისის ბოლოსკენ. თუმცა, იმისათვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლოს პირველი გადაცემის მარტში გაშუქება, საჭირო იქნება მოსამზადებელი სამუშაოების იანვრის თვეში დაწყება. დაგეგმილია, რომ მინისერიალის გადაღება დაიწყოს თებერვლის თვეში.

განმარტების მიხედვით, აღნიშნული შესყიდვის განხორციელების მიზნით, შესყიდვის ობიექტის შესასყიდად შესყიდვის ელექტრონული პროცედურების გამოყენება, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან უნდა მოხდეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ამავდროულად ყველაზე პრესტიჟული კრიმინალური დოკუმენტალური ტელეგადაცემის, “48 საათის” ტიპის მინისერიალის გადაღება, რაც მოითხოვს შესაბამისი ლიცენზიების შესყიდვას ისეთი გიგანტი ბრენდისგან, როგორიცაა CBS (Columbia Broadcasting System).

შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციაში დაუშვებელია კონკრეტულად შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების მითითება, ასევე, შეუძლებელია იმის მითითება, რომ გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს უცხოელი პარტნიორების ჩართვა, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მიმართულებით დიდი გამოცდილება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი შესყიდვის ობიექტის ხარისხი დამოკიდებულია არა მარტო კომპანიის გამოცდილებაზე, არამედ პერსონალის გამოცდილებაზე. ასევე იმაზე, თუ რამდენად მოერგება ესა თუ ის მსახიობი კონკრეტულ როლს. რამდენად შეესაბამება რეჟისორის და ოპერატორის ჯგუფის წევრების ხედვა შს სამინისტროს ხედვას და ასე შემდეგ. აღნიშნული მოითხოვს ხანგრძლივ კასტინგს და, გარდა გამოცდილებისა, უნდა მოხდეს თითოეული ადამიანის უნარ-ჩვევების გათვალისწინებაც, რისი მითითებაც ტენდერში შეუძლებელია”, – ნათქვამი დოკუმენტში.

იმისდა მიუხედავად, რომ წინასწარ ცნობილია, თუ რომელი გახმაურებული და აქტუალური საქმეების შესახებ მოხდება სერიების გადაღება, შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტებით, წინასწარ არ არის სცენარი მომზადებული. იმის გარდა, რომ ტელეგადაცემა არის დოკუმენტური, ის მაინც შეიცავს გარკვეულ მხატვრულ ელემენტებს:

შესაბამისად, ცალკეული სერიის ქრონომეტრაჟი შესაძლებელია განსხვავებული იყოს, რაც იწვევს თითოეული სერიის თვითღირებულების სხვაობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, წინასწარ შეუძლებელია შესაბამისი ზუსტი ხარჯთაღრიცხვის მომზადება, რაც აუცილებელია სატენდერო პროცედურებისთვის. ამასთან, ვინაიდან საუბარია სერიალის გადაღებაზე, შესაძლოა რიგი საკითხები უშუალოდ გადაღების პროცესში წამოიჭრას, რა შემთხვევაშიც შესაძლოა აუცილებელი გახდეს ხელშეკრულების პირობების ცვლილება”.

შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველ ორგანიზაციას მიზანშეწონილად მიაჩნია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს ღონისძიებისთვის საჭირო საქონლის და მომსახურებების შესყიდვა.

დოკუმენტები:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.