ახალი ამბები

კობახიძის იმპიჩმენტზე მუშაობა ჯერ არ დამიწყია, თუ დავიწყებ, ბოლომდე მივიყვან – ბესელია

28 თებერვალი, 2019 • 884
კობახიძის იმპიჩმენტზე მუშაობა ჯერ არ დამიწყია, თუ დავიწყებ, ბოლომდე მივიყვან – ბესელია

ეკა ბესელია ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტზე მუშაობა არ დაუწყია. ბესელია უმრავლესობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, “ნუ წააქეზებენ ამ კუთხით, რადგან თუ ის რაიმე იწყებს, ბოლომდეც მიჰყავს”.

“ვისაც არასერიოზულად მიაჩნია [იმპიჩმენტი], ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოაჩნოს, რომ ეს იმაზე სერიოზულია, ვიდრე ჰგონიათ, მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ დამიწყია. როცა მკითხეს, გამორიცხავთ თუ არაო, მე ვთქვი, რომ არ გამოვრიცხავ, მაგრამ არ დამიწყია.

“ამიტომ ნუ წამაქეზებენ, მე ვიცი, როდის რა ნაბიჯი უნდა გადავდგა”, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის  იმპიჩმენტის საკითხის აღძვრისათვის მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

ამონარიდი პარლამენტის რეგლამენტიდან:

მუხლი 111

1. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტმა შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პარლამენტის წინაშე შეიძლება წერილობით დააყენოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.

2. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა წერილობით უნდა იყოს მოტივირებული.

3. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს პარლამენტს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული დასკვნის მიღების შემდეგ პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხის განხილვის დაწყების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს სესიაზე საკითხის განხილვის დაწყებიდან 15 დღის ვადაში.

5. თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 1 თვეზე ნაკლები, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი განიხილება პარლამენტის მომდევნო სესიაზე.

6. აკრძალულია პარლამენტის რიგგარეშე სესიასა და სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ჩატარება.

7. პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა და წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

8. თუ პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და დაუშვებელია იმავე სესიაზე აღნიშნული საკითხის განხილვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი