ქანთარია: შეხვედრაზე დეპუტატების “ოცნებიდან” გარიცხვის თემაზე საუბარი არ ყოფილა

“ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრის ფარგლებში  პარტიის თავმჯდომარესთან რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრეს, თუმცა პარტიიდან დეპუტატების გარიცხვის საკითხი არ დამდგარა:

“იყო შეხვედრა პარტიის თავმჯდოარესთან გარკვეული ჯგუფის. იყო ძალიან საქმიანი, შევჯერდით. არავინ არავის არ გაურიცხავს, ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა. იყო სხვა ძალიან მწვავე პრობლემები, რომლებიც არის და ჩვენ ამაზე გვქოდნა საუბარი. პარტიის თავმჯდომარე აპირებს სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს.

უამრავი საკითხები იყო. სასამართლოზეც იყო საუბარი, სხვა საკითხეზეც, განათლებაზე, კულტურაზე, უმრავლესობის მომავალზე და ა.შ.” – თქვა დეპუტატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღის განამვლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებეში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნებიდან” შესაძლოა ოთარ ჩრდილელი და კიდევ რამდნეიმე დეპუტატი გაერიცხათ, რომლებმაც გუშინ მხარი დაუჭირეს ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ წარდგენილ კანონპროექტს.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს საპარლამენტო უმრავლესობისთვის მოწოდებული ჰქონდა, მხარი არ დაეჭირათ ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივისთვის, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეების უვადოდ განწესება 2025 წლამდე უნდა შეჩერებულიყო. მიუხედავად ამისა, უმრავლესობის 16-მა დეპუტატმა კანონპროექტს მხარდაჭერა მაინც გამოუცხადა.

მათ შორის იყვნენ:

 

  • ბიძინა გეგიძე
  • რევაზ არვეაძე
  • ლევან გოგიჩაიშვილი
  • ალესანდრე ერქვანია
  • ზვიად კვაჭანტირაძე
  • ლევან კობერიძე
  • გიორგი მოსიძე
  • კობა ნარცემაშვილი
  • ბექა ნაცვლიშვილი
  • ზაზა პაპუაშვილი
  • გია ჟორჟოლიანი
  • გედევან ფოფხაძე
  • ნუკრი ქართანია
  • ოთარ ჩრდილელი
  • მირიან წიკლაური
  • ეკა ბესელია

ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია საკუთარი ინიციატივით დატოვეს. ლევან გოგიჩაიშვილმა კი გუშინდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო გამოსვლა იყო უმრავლესობის მანდატით. რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, მან ფრაქციის დატოვების შესახებ პარლამენტში განცხადება უკვე შეიტანა და მისი თქმით, უფრო ვრცლად საკუთარ გადაწყვეტილებას საზოგადოებას 25 თებერვალს გააცნობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.