ახალი ამბებიეკონომიკა

სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პროექტს საფრთხე არ ემუქრება – მაია ცქიტიშვილი

20 თებერვალი, 2019 • 2890
სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პროექტს საფრთხე არ ემუქრება – მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებით უშუალოდ მთავრობა არის დაინტერესებული. ცქიტიშვილი განმარტავს, რომ 2014 წელს პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა სწორედ მთავრობამ გამოაცხადა, რომელშიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაიმარჯვა.

მინისტრის მტკიცებით, მთავრობის ინტერესზე, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, მიუთითებს ისიც, რომ  ევროკომისიის მიერ გამოაქვეყნებულ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმაში ანაკლიაც მოხვდა. მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტი საინვესტიციო გეგმაში მთავრობის გადაწყვეტილებით შევიდა.

“საინვესტიციო პროგრამაში ანაკლიის მოხვედრა, დამერწმუნეთ, შემთხვევითი არ ყოფილა. და ეს არ მომხდარა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სურვილით, არამედ ამაში საქართველოს მთავრობა იყო ჩართული, რის შემდეგაც ანაკლიაც გახდა იმ დიდი სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმის ნაწილი. ჩვენგან ამ პროექტს საფრთხე არ ემუქრება. მთავარია, კონსორციუმმა წარმატებით შეძლოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც მათ აქვთ აღებული სახელმწიფოს წინაშე,” – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმ სატენდერო პირობებზე ისაუბრა, რაც ანაკლიის პორტის მშენებელ კონსორციუმს უნდა შეესრულებინა. მაია ცქიტიშვილის თქმით, საინვესტიციო ხელშეკრულებით სახელმწიფო ვალდებული იყო მხოლოდ ანაკლიამდე მისასვლელი გზა და რკინიგზა გაეკეთებინა.

“სახელმწიფოს არ ჰქონდა არც სურვილი და არც გეგმა, ამ პროექტის განხორციელებაში ფინანსური კუთხით მიეღო მონაწილეობა. მას შემდეგ, რაც გამოვლინდა გამარჯვებული, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” თხოვნით უნდა მომხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მონაწილეობა. მათი დასაბუთება იყო, რომ პროექტი არის რთული და მხოლოდ კერძო კომპანიის მხრიდან დაფინანსების მოძიება რთული იყო, ამის შემდეგ საპარტნიორო ფონდმა გააფორმა კონსორციუმთან ხელშეკრულება, რომ სახელმწიფო 100 მლნ დოლარს ჩადებდა სუბორდინირებული სესხის სახით ამ პროექტში. შეგახსენებთ, რომ ეს პირობა ინტერესთა გამოხატვის დროს არ იყო გათვალისწინებული. მათი გათვლებით ამ პროექტის მშენებლობა დაახლოებით 600 მლნ დოლარს საჭიროებს. კერძო კაპიტალის სახით კონსორციუმს 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს ჩასადები, ამის გარდა, 400 მლნ აშშ დოლარის სესხი უნდა მოიზიდონ ამ პროექტის განხირციელებისთვის. ხელშეკრულების მიხედვით, ე.წ ფინანსური დახურვა, რაც გულისხმობს საჭირო ფინანსების სრულ მობილიზებას, 2018 წლის პირველი იანვრისთვის უნდა მომხდარიყო. 2017 წელს, როდესაც ცხადი გახდა, რომ ეს პირობა ვერ სრულდება, 2017 წლის ბოლოს ამ ვადის გადაწევა მოხდა და 2019 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის კონსორციუმს სრულად უნდა მოეზიდა როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე, 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი. ამასთან, პირველი იანვრისთვის მათ პორტის მშენებლობა უნდა დაეწყოთ და სახელმწიფოსთვის წარედგინათ სრული საპროექტო დოკუმენტაცია. მათ ასევე უნდა ჰყოლოდათ გამოვლენილი პორტის მშენებელი კომპანია და პორტის მშენებლობა აქტიურად უნდა განხორციელებულიყო. ამ პერიოდის განმავლობაში კონსორციუმმა დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, თუმცა ესეც მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად მოხდა. ჩვენ გავათავისუფლეთ ისინი ვალდებულებისგან, რომ მანამდე 20-მილიონიანი გარანტია წარმოედგინათ. გარდა ამისა, 2018 წლის ბოლოს ე.წ. საფინანსო დახურვის გადავადება 2019 წლის 1 ივლისამდე მოხდა,”-აცხადებს ცქიტიშვილი.

მისივე მტკიცებით, სატენდერო მოთხოვნების დარღვევით კონსორციუმმა პორტის ოპერატორის მოდელი შეცვალა. მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ყველა შეხვედრაზე, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან, მთავრობა მათ საინვესტიციო  კუთხით ანაკლიის პორტს სთავაზობს და ამით სესხის მოზიდვაში კონსორციუმს ეხმარება.

“საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა შეისწავლეს პროექტი და 2018 წლის ბოლოს კონსორციუმმა მოგვაწოდა ის პირობები, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ითხოვენ. მათი სურვილია გარკვეულ ცვლილებები შევიდეს იმ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, რაც კონსორციუმთან დღეს არის გაფორმებული. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მთავრობისგან ტვირთების გარანტიას ითხოვენ, რაც ამ სესხების უზრუნველყოფას გულისხმობს. როგორც მოგახსენეთ, ეს პირობა თავიდან არ იყო გათვალისწინებული, არც ინტერესთა გამოხტვის დროს და არც საინვესტიციო ხელშეკრულებაში. მთელი ამ დროის განმავლობაში მთავრობა კონსორციუმთან მუშაობს, რომ ეს პროცესი სწრაფად და დადებითი შედეგით წარიმართოს,”-ამბობს ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, მთავრობას საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.


2 დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სახლემწიფო, ერთი მხრივ, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის მშენებლობას, თუმცა გამოძიების დაწყებით აზიანებს მას. ხაზარაძის მტკიცებით, ხუთი წლის წინ დაიწყეს მოლაპარაკება რამდენიმე საფინანსო ინსიტიტებთან ანაკლიის პორტის დაფინანსების საკითხზე.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ცოტა ხნის წინ ამ პროექტის დეტალური შესწავლა დაასრულეს. ამის შემდეგ ამ  ინსტიტუტების მხრიდან ე.წ ფინანსური დახურვის პროცედურა უნდა განხორციელდეს.

“ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და იმ ინფორმაციის გაჟონვებმა, რომელიც გუგლსა და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, რომ თითქოს მე და ბადრის რამე კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმებას, რაზეც ვისაუბრე. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და კომპანიის თავმჯდომარესთან, რომელთანაც პარალალელურად მიმდინარეობს “არარსებული საქმე”. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ამავე დროს [ანაკლიის პორტთან] დაკავშირებით სახელმწიფო მხარში გვიდგას. ეს მომენტი ცოტა მაშფოთებს, რადგან, ერთი მხრივ, ამ პროექტთან დაკავშირებით შეფერხება არ გაქვს, მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს საჯარო განცხადებას იმ დროს, როცა გამოძიება დასრულებული არ არის,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


ამავე თემაზე

“რეგიონალური პროექტი” – ხაზარაძე ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი