შვედეთი $2.3 მილიონით დაეხმარება ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი პროექტი განხორციელდება. “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან” ასე ჰქვია პროგრამას, რომლის ჯამური ღირებულება 2.3 მლნ აშშ დოლარი იქნება.

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის განკუთვნილ პროგრამას “ეკონომიკური კვლევების ცენტრი ახორციელებს”. მათი ინფორმაციით, მეწარმეებზე გრანტების გაცემა 2019 წლიდან დაიწყება და 2021 წლამდე გაგრძელდება.

შვედეთის მთავრობა ამ პროგრამით, ჯამში, 100 კომპანიის დაფინანსებას გეგმავს. მათივე ცნობით, გრანტს მიიღებენ მხოლოდ ის კომპენიები, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს-კონსალტინგისა და ინტერიერის დიზაინის – არქიტექტურის მიმართულებით მუშაობენ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის  დირექტორი ნინო ევგენიძე ამბობს, რომ ბიზნესის ეს სექტორები მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა.

“როგორც მოისმინეთ, სამივე მათგანი სერვისების სექტორს განეკუთნება. ვფიქრობთ, მათ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ყველაზე მეტი პოტენციალი აქვთ. კონკურსი საკმაოდ გამჭვირვალე და ღია იქნება. პროექტებზე განაცხადებების მიღების დაწყება საჯაროდ გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს, ღია კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ამ კომპანიებს პირდაპირ ფულს არ ვაძლევთ. დაყოფილი იქნება სხვადახვა მიმართულება,  მაგალითად, არქიტექტურულ კომპანიებს მივცემთ ფულს იმისთვის, რომ მოხვდნენ საერთაშორისო ევროპული შესყიდვების ბაზარზე, ამისთვის მათ სჭირდებათ ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამები, რომელთა ფასი დაახლოებით 6 ათასი ევროდან იწყება. ასეთ ტექნიკურ დახმარებებს აღმოვუჩენთ და ამ პროგრამებს ვუყიდით. ასე რომ, ამ პროექტის ფარგლებში საკმაოდ კონკრეტული და მიზნობრივი დახმარებები იქნება,” – აცხადებს ნინო ევგენიძე.

ამასთან, პროექტისთვის შერჩეული 100 კომპანიიდან 60 შვედეთში სასწავლო კურსს გაივლის. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ევგენიძე განმარტავს, რომ პროგრამა დააფინანსებს უკვე გამოცდილ კომპანიებს, რომლებიც დიდი ხანია ბაზარზე არიან.

პროექტში ასევე ჩაერთვება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარი კომპანია. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის  დირექტორის თქმით, ამ სეგმენტში მომუშავე კომპანიების ბაზა სააგენტოს უკვე აქვს, შესაბამისად, ის შვედეთის მთავრობასა და EPRC-ს წარუდგენს ამ კომპანიების სიას. ევგენიძის მტკიცებით, ეს კონკურსი ღია იქნება და სხვა ნებისმიერ კომპანიასაც ექნება მასში მონაწილეობის შესაძლებლობა.

“აწარმოე საქართველოში” უბრალოდ წარმოადგენს მისი ბენეფიციარების სიას, საბოლოო გადაწყვეტილებას კონკურსის მეშვეობით მიიღებს შვედეთის მთავრობის წარმომადგენლები და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი. ანუ შერჩევის პროცესი ჩვეულებრივი სატენდერო კომისიის მსგავსი იქნება,” – აცხადებს ნინო ევგენიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.