ახალი ამბები

პრეზიდენტმა დატოვა შეხვედრა, რომელზეც თავად მიიწვია მონაწილეები

1 თებერვალი, 2019 • 4402
პრეზიდენტმა დატოვა შეხვედრა, რომელზეც თავად მიიწვია მონაწილეები

დღეს პრეზიდენტმა არასამთავრო სექტორის წარმომადგენლები მიიწვია შეხვედრაზე, რომელიც ცილისწამების რეგულირების საკითხს შეეხებოდა, თუმცა თავად სალომე ზურაბიშვილმა ის დისკუსიის დაწყებამდე, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დატოვა.

“ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ პრეზიდენტი  შეხვედრაში მხოლოდ მისასლმებელი სიტყვით მონაწილეობდა და შემდგომ დისკუსიის ნაწილში პრეზიდენტი არ დარჩა”, – განაცხადა დისკუსიის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  ჟურნალისტებს უთხრეს, შეხვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ქეთევან მახარაშვილი დაესწრნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე თვლის, რომ პრეზიდენტის იდეა, დარეგულირდეს ცილისწამება თუ დეზინფორმაცია, გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტისთვის საფრთხის შემცველია. მისი თქმით, შეხვედრაზე გახმიანდა იდეა, რომ ცილისწამების მტკიცების ტვირთი გამოხატვის მოსარგებლემ უნდა აიღოს.

“შეხვედრის პირველი ნაწილი შედგებოდა იმისგან, რომ თითქოს ყველა ყველასთან თანხმდებოდა, მაგრამ მეორე ნაწილში გამოჩნდა, რომ თურმე ხელისუფლება ირიბად თუ ღიად ფიქრობს, რომ ცილისწამების საქმეებზე ტვირთი გადაანაცვლოს. თუკი დღეს მოსარჩლემ უნდა ამტკიცოს სასამართლოში, რომ მას არ ჩაუდენია ის ფაქტი, რომელსაც აბრალებენ, ახლა საუბარია იმაზე, რომ შეიძლება მტკიცება მოუწიოს გამოხატვით მოსარგებლეს, მაგალითად, ჟურნალისტს, რომ რა ფაქტიც გაავრცელა, არის მართალი. ასეთი მიდგომა არის ცალსახად შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლებისთვის და ძალიან მძიმე ტვირთის დაკისრება, რაც აუცილებლად იქონიებს გამყინავ ეფექტს”, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

იმის შესახებ, რომ შეხვედრას ერთი კონკრეტული თემა არ ჰქონია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძეც საუბრობს. მისი თქმით, კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და რა ინიციატივაზე იწყებდა მუშაობას, მან პასუხი ვერ მიიღო.

“ისინი მუდმივად საუბრობდნენ იმაზე, რომ საჭიროა გარკვეული ტიპის ცვლილებები. შეიძლება, ვიმსჯელოთ ამ ცვლილებების აუცილებლობაზე, მაგრამ მე ზოგადად მგონია, რომ ეს არის მოუმზადებელი განცხადებები, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო პრეზიდენტის მონაწილეობით  მართავს შეხვედრას და არ აქვს კონკრეტული შემოთავაზებები, რაზეც შეიძლება ვთქვათ – კარგია ან ცუდია, ან ღირს მსჯელობა, ან არ ღირს მსჯელობა. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, რამდენად დიდი იყო დიაპაზონი თემებისა, ნახსენები იყო ისეთი საკითხებიც კი, როგორიც არის ლეღვის ნახარშის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელში და ასევე ნახესენები იყო ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ აგორებული ცრუ ინფორმაცია”, – განმარტავს სულხან სალაძე.

მისი შეფასებით, ასეთი კარდინალურად განსხვავებული თემების ერთ კონტექსტში მოთავსება აზრს მოკლებულია, რასაც ემატება ისიც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას განმარტებები თითქმის არაფრის შესახებ არ ჰქონია.

“მე დღეს  ვერ ვხედავ, რომ ამ ფორმატში ამ შეხვედრას რაიმე განსაკუთრებული აზრი ჰქონდეს. თუ კონკრეტულად განსაზღვრავს ადმინისტრაცია თემატიკას – ეს შეიძლება იყოს საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებული ან სხვა თანმდევი საკითხები, რაც შეიძლება ახლდეს ამ თემას. ცხადია, შეიძლება ვიფიქროთ ფორმებზე, მაგრამ მსჯელობა ამ თემაზე ყველანაირი კონკრეტიკის გარეშე, ცხადია, დროის დაკარგვაა.

მე არ ვიზიარებ რაიმე ისეთ ცვლილებას, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონთან იქნება დაკავშირებული და გააუარესებს არსებულ რეგულაციას, ამიტომაც მე მგონია, რომ თუ მსჯელობა გაგრძელდება მომავლში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საზიანოდ, რა თქმა უნდა, ამას არ ექნება მხარდაჭერა. დანარჩენი საკითხები, რაზეც იქ იყო საუბარი, ვთქვათ, საგარეო საქმეები, მგონია, რომ ეს საერთოდ სხვა დისკუსიის საკითხია”, – განაცხადა სულხან სალაძემ.

იმ აზრს, რომ დღევანდელ შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილიც ეთანხმება. ჟურნალისტებთან საუბარში ის დასძენს, რომ თავად პრეზიდენტი შეხვედრას არ დაესწრო, რაც ძალიან სამწუხაროა.

“არაფერი კონკრეტული ამ შეხვედრიდან არ გაგვიგია, გარდა იმისა, რომ არ მოხდება ამ ცილისწამების გამო ვინმეს ციხეში გაშვება ანუ გამკაცრების სისხლის სამართლებრივი მიმართულებით არ იგულისხმება მათ ინიციატივაში. ასევე მათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს, რაც დღეს გვაქვს საქართველოში. ამ ორი ძირითადი გზავნილის გარდა მე პირადად ახალი ვერაფერი გავიგე ამ შეხვედრიდან. ცოტა უცნაური ფორმატი იყო ჩემთვის, ვინაიდან ისინი ელოდებოდნენ ჩვენგან მოსაზრებებს, ჩვენ კი არ ვიცოდით, რაზე გამოგვეთქვა მოსაზრებები იმიტომ, რომ ინიციატივა ჩვენგან არ წამოსულა”, – ამბობს ნატა ძველიშვილი.

ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციათა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ცილისწამებას დამატებითი რეგულაციები არ სჭირდება. ძველიშვილი დასძენს, რომ როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამოხატვის თავისუფლების გარკვეული ფორმები, მათ შორის დეზინფორმაცია და ე.წ. “ფეიკნიუსები” აწუხებს, რისთვისაც ისინი სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავენ.

“თუმცა ის კონკრეტული მაგალითები, რაც იყო პრობლემად დასახელებული, ჩემი აზრით, უფრო განეკუთვნება მედიაწიგნიერების კომპეტენციას და ამ მიმართულებით არის სამუშაო ქვეყანაში და არა საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით. მას შევახსენე, ასევე, ქარტიის არსებობა, თვითრეგულირების ორგანების არსებობა, თუკი რაიმე არ მოსწონთ მათ უკვე არსებული მექანიზმების გამოყენება და გაუმჯობესება უნდა მოხდეს.

ვფიქრობ, რომ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ გარე საფრთხეები და შიდა საფრთხეები. დეზინფორმაცია, რომელიც ნაწილი არის რუსული პროპაგანდის და საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს, ეს ცალკე არის სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილი და თუკი ხელისუფლება ამას აღიქვამს საფრთხედ, ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა ამ მიმართულებით სხვა ჭრილში მუშაობა”, – განმარტავს ნატა ძველიშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, ქეთევან მახარაშვილის თქმით, პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესის დასაწყისში ჩასვა, რაც მათი მხრიდან დასაფასებელი უნდა იყოს.

“სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ არიან შეჩვეულები პროცესის დასაწყისში ყოფნას, უფრო ხშირად მათ უწევთ სხვადასხვა ინიციატივებზე რეაგირება. ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვანაირად დავიწყოთ პროცესი და ვთხოვეთ, რომ სულ თავიდან მოდით, ჯერ თქვენ გვითხარით, არის თუ არა საჭირო, გვითხარით, სად ხედავთ პრობლემას და ერთად დავიწყოთ იმაზე მუშაობა, რაიმე ცვლილება არის გასატარებელი თუ არა და რაიმე თემა გასაფართოებელია თუ არა.

სულ დასაწყისში ინიციატივის საშუალება მივეცით, ამას, სამწუხაროდ, საზოგადოება შეჩვეული არ არის და ამიტომ არ მიკვირს არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი რეაქციები. ჩვენ არაფერი არ დავდეთ, არც დავდებთ, სანამ საკმარისი მასალა არ გვექნება, საკმარისი ინფორმაცია არ გვექნება”, – ამბობს ქეთევან მახარაშვილი.

მისივე თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბევრი ისეთი დოკუმენტის შესახებ გაიგო, რომლის შესახებ აქამდე მათ არ იცოდნენ. მახარაშვილი დასძენს, რომ ნაცვლად ცალ-ცალკე შეხვედრებისა და შემდგომ ფართო დისკუსიების ჩატარებისა, საქმის წარმართვა პირიქით გადაწყვიტეს და ჯერ ორგანიზაციათა ფართო ჯგუფი მიიწვიეს.

ჟურნალისტებმა მახარაშვილს ჰკითხეს არასამთავრობოთა გაფრთხილების შესახებ გამოხატვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომ ამ თემის ირგვლივ საერთოდ მორჩეს დისკუსია, რაზეც მახარაშვილმა უპასუხა:

“არა, პირიქით, ეს ნიშნავს, რომ საუბარი დაიწყო, დისკუსია გავხსენით. ახლა შეიძლება მცირე ჯგუფებთან ვისაუბროთ იმიტომ, რომ არის ორგანიზაციები, რომლებიც მედიის განხრით მუშაობენ, არიან, რომლებიც ადამიანია უფლებების ან  სიტყვის თავისუფლების განხრით… მათთან გავაგრძელებთ მუშაობასა და დისკუსიას იმ მასალაზე დაყრდნობით, რასაც მოგვაწოდებენ.

არ გვაქვს ჩამოყალიბებული რაიმე ინიციატივა და პირიქით, მე არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილას ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, რომ ასეთი საშუალება მომეცა –  თუ რომელიმე ინსტიტუცია რაღაცაზე ფიქრს იწყებს, თავიდანვე ვიყო ჩართული. ან დავარწმუნო, ან ვერ დავარწმუნო – ჩემი მცდელობა გამოვიყენო ჩემი პოზიციის დასაფიქსირებლად”.

მახარაშვილმა ასევე დასძინა, რომ შესაძლო ცვლილებების მთავარი მიზანი ჰიბრიდული საფრთხეების თავიდან აცილებაა, რომელიც, თავის მხრივ, ლოკალური თუ საერთაშორისო დონის პოლიტიკურ დეზინფორმაციას მოიცავს. ამასთანავე, მან დააანონსა, რომ შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

“იცით, ჩვენ ყველას მოვიპატიჟებთ, ყველასთან გვინდა ურთიერთობა, მაგრამ ვერავის დავაძალებთ – თუ არ უნდათ მოსვლა. ვფიქრობთ, რომ გენდერულ საკითხებზეც ვიმუშაოთ, ზოგადად, გენდერული კვირეული მოდის, პარალელურ რეჟიმში თემატურ საკითხებზეც გავამახვილოთ ყურადღება. აუცილებლად ვგეგმავთ მსგავს შეხვედრებს, მათ შორის ჟურნალისტებთან და ომბუდსმენთან. ღია ვართ. ბევრთან ვაპირებთ საუბარს, მასალები რაც გვექნება, იმის საფუძველზე. პასუხები დღეს არც უნდა გვქონოდა და არც გვაქვს” , – ამბობს ქეთევან მესხიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი