გადასახადების შემცირებაც და გაზრდაც კონტრპროდუქტიული იქნება – მინისტრი მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ გადასახადების როგორც ზრდა, ისე შემცირება სახელმწიფოსთვის კონტრპროდუქტიული იქნება.

დღეს, 29 იანვარს, მაჭავარიანმა თქვა, რომ გადასახადები საქართველოში იმდენად დაბალია, მეტად დაწევა შეუძლებელია.

მოგვიანებით ნეტგაზეთმა მაჭავარიანს მოუტანა 2016 წლის მაგალითი, – შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, შინამეურნეობების 0.7%-ს ჰქონდა წლიური 100 ათასი და მეტი შემოსავალი, 2.33%-ს – 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე წლიური შემოსავალი. დანარჩენს კი – 40 000-მდე. ნეტგაზეთის კითხვაზე, ამ მოცემულობაში, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ გადასახადის შემცირება კი არა, გადასახადების გაზრდა საზოგადოების გარკვეული სეგმენტისთვის, ანუ პროგრესული გადასახადები, შეამცირებს ამ რიცხვებში გამოხატულ უთანასწორობას და უკეთესი იქნება სოციალური მდგომარეობისთვის, მინისტრმა გვიპასუხა:

“ეს აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იარსებებს არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში – იქნებიან ყოველთვის ისინი, ვინც გადასახადების აწევის მომხრეები იქნებიან და ვიღაცებს გადასახადების დაწევის არგუმენტები ექნებათ”.

“ჩემი აზრით, ჩვენ ვართ იპტიმალურ დონეზე ამ ნაწილში. ერთი მხრივ, გვესმის, რომ სოციალური პრობლემა არის და ბევრს მიაჩნია, რომ ამის მოგვარების გზა არის მაღალი გადასახადები და მაღალი პენსიები და სოციალური დახმარებები, თუმცა მე მიმაჩნია რომ მაინც აქ უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა და საკუთრივ ჩვენი ეკონომიკური ბაზის გაფართოება”.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რამდენად აისახება ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე და რამდენად მუშაობს ე.წ “გაჟონვის” (trickle-down) ეკონომიკის პრინციპი (ანუ აღწევს თუ არა მოსახლეობის დიდ ნაწილამდე მოსახლეობის მცირე პროცენტის მიერ მიღებული სარგებელი), მინისტრი აცხადებს:

“როცა ვამბობ, რომ ოპტიმალური დონეა, ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ არსებული საგადასახადო ტვირთი, მთელ რიგ ფაქტორებთან ერთად, უზრუნველყოფს იმ ეკონომიკირ ზრდას…

ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ოპტიმალური, ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული, საგადასახო ტვირთი გვაქვს ეს. რამდენად მნიშვნელოვანია ზრდა? – ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის ერთადერთი, რაც კაცობრიობას მოუგონია, ერთდერთი კი არა, მთავარი სწორი წყარო. კეთილდღეობის სხვა წყარო ჯერ ადამიანებს არ მოუგონიათ”,- გვიპასუხა მინისტრმა და დასძინა, რომ “მნიშველოვანია გაიზარდოს ჩვენი ეკონომიკა”.

მინისტრის აზრით, “ნებისმიერი მოძრაობა ზევით ან ქვევით არის კონტრპროდუქტიული. თუ დავაკელით გადასახადი, ის არ აისახება ეკონომიკურ ზრდაში და არ მოგცვემს შედეგს. თუ ავწიეთ გადასახადი, ის შეანელებს ეკონომიკირ ზრდას. ამიტომ, ე.წ მგრძნობელობითი ანალიზი, რაც არის ბიზნესში, როდესაც ადგენენ ფასს და ფასის ელასტიკურობაზეა ლაპარაკი, მიმაჩნია, რომ ზუსტად ოპტიმალური და სწორი მდგომარეობა გვაქვს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com